„ეს ყველას შეგვიძლია! ისწავლე ჩვენგან! გაიმეორე ჩვენი კარგი პრაქტიკა და განკარგე შენი სამოქალაქო ბიუჯეტი!“

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა წყალტუბოში, შეუძლებელია არ შეიყვაროს ეს ულამაზესი ქალაქი, რომელიც სამკურნალო წყლების სიუხვითაა ცნობილი. 

მეოცე საუკუნეში, როდესაც წყალტუბო უფრო და უფრო ვითარდებოდა, მეცნიერებმა სამეცნიერო-ჰიდროლოგიური კვლევები დაიწყეს, თუმცა ყველა ახალი ჭაბურღილიდან, რა თქმა უნდა სამკურნალო წყალი არ მოდიოდა.  

მას შემდეგ ათწლეულები გავიდა.

და აი, რამდენიმე წლის წინ, 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთი უმოქმედო ჭაბურღილიდან უსუფთავესმა წყალმა იწყო დენა. მალე იქაურებმა ამ წყლის უნიკალური თვისებები აღმოაჩინეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს კამკამა წყარო კუჭის წყლულის უებარი მალამოა… და წყაროსთან მოქალაქეთა რიგებიც დადგა… 

„ნაბახუსევზე საერთოდ მისწრებაა მისი დალევა“ -გვეუბნება ღიმილით ზურა კახიძე, რომელიც სწორედ 9 აპრილის ქუჩაზე ცხოვრობს. 

… და აი, ზურა კახიძის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, სამეზობლომ  გადაწყვიტა წყაროზე გააკეთონ სპეციალური კეთილმოწყობილი ფანჩატური. იდეის ხორცშესხმა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ, სწორედ წყაროსთან  მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრაზე გაიგეს.

კეთილმოწყობილ ფანჩატურში მოქალაქეები წყაროს წყალს ოჯახებისთვის ავსებენ.

ელენე კრავცოვა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კოორდინატორი, გვიყვება:  „როგორ შეიძლება მოსახლეობა დაუახლოვდეს ხელისუფლებას? „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ამის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია. ის აგებულია მმართველობაში მოქალაქეთა ფართო ჩართულობის წახალისებასა და ურთერთ ნდობის ჩამოყალიბებაზე. წყალტუბოში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება 2018 წლიდან დავიწყეთ, პოლონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებული ორგანიზაციის  „სოლიდარობის ფონდი PL  საქართველოში“ მეშვეობით. 

„პირველ ეტაპზე ფონდმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა მუნიციპალიტეტის მერიასა და მოსახლეობასთან. გაგვიზიარეს გამოცდილება.  შემდეგ უკვე მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანია დააფინანსეს. მე პირველივე დღიდან ჩართული ვარ ამ პროცესში“. ისე, უნდა ითქვას, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტში“ ჩართულობამ და ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობამ, მიღებულმა ცოდნამ, ელენეს კარიერულ წინსვლაზე დიდი გავლენა იქონია. ახალგაზრდა ენერგიული სტუდენტი, სულ მალე სახელმწიფო მოხელე, „სამოქალაქო ბიუჯეტის” კოორდინატორი და მერიის თანამშრომელი გახდა.

ცენტრში ელენე კრავცოვა

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ მუნიპიალური ბიუჯეტის ნაწილია, რომელსაც განკარგავს მოსახლეობა. მოქალაქეები ადგენენ პროექტებს. მიიღებს თუ არა წარმოდგენილი პროექტი დაფინანსებას, ამასაც მოსახლეობა წყვეტს   

– მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი როგორია? – ვეკითხებით ელენე კრავცოვას.

– ხმის მიცემა, როგორც არჩევნებზე,  – განმარტავს ელენე. რომელი პროექტიც მეტ ხმას მიიღებს ის დაფინასდება. რაც მთავარია, პროცესი გამჭვირვალეა. აქ მნიშვნელოვანია, ის თანხა იყოს მოთხოვნილი, რომელიც ბიუჯეტს არ აღემატება.

პროექტების დაფინანასება კენჭისყრით ხდება და ის გამჭვირვალე პროცესია

„აქ ბევრი ადამიანი სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოდის და რიგში  უწევთ დგომა  წვიმასა თუ მზეში. ამიტომ მოვაწყვეთ ფანჩატური, გვეუბნება ზურა.  ზურაბ  კახიძე  უკვე პროექტის განვითარებაზე ფიქრობს. „კარგი იქნებოდა, აქვე  სკვერის გაკეთება, ან  უბრალოდ, სკამების დამონტაჟება, რომ ადამიანი, რომელიც ელოდება  წყლის ავსებას, ფეხზე არ იდგეს“.

ეს კი საბავშვო მოედანია, რომელიც ასევე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაფინანსდა. 

„შეხედეთ, თქვენ თვალწინ სამი კორპუსია და უამრავი ბავშვი ცხოვრობს, გასართობი კი – არაფერია, – ხელის მოძრაობით გვაჩვენებს ანა ტყეშელაშვილი ეზოს.

„რამდენიმე ხნით ადრე, ჩვენს ქუჩაზე  „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. საინტერესოდ ჟღერდა და ჩვენც შევგროვდით, მშობლები და  გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პროექტი პატარა საბავშვო მოედნის მოწყობაზე. ხედავთ, რომ გაკეთდა საქანელა, სასრიალო. შემოიტანეს ქვიშა, სადაც შეიძლება  ბავშვებმა ითამაშონ, სკამები მოეწყო, გარეგანათებაც, რომ საღამოსაც შესაძლებელი იყოს გარეთ გამოსვლა და მშობლებმა ბავშვების გაკონტროლება შევძლოთ. ამ  სიტუაციაში, როდესაც არ მუშაობს სკოლები და საბავშვო ბაღები, ეს მოედანი ჩვენი გადარჩენაა… ბავშვები თამაშობენ გარეთ, ჰაერზე“ – აგრძელებს საუბარს ანა და მოედანზე მოთამაშე ბავშვებს უყურებს.

2-3 თვეში ქალაქის შუაგულში კიდევ ერთი სკვერის და საბავშვო მოედნის მშენებლობა დაიწყება. ეს პროექტი 2020 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, შეფერხდა მისი გაკეთება.

გარშემო 70-მდე ბავშვი ცხოვრობს. სკვერში შეძლებენ დასვენებას ხანდაზმულებიც. აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის მოეწყობა სპეციალური სარბენი ბილიკები.

პროექტის ხელმძღვანელი, ლუიზა ჭანკოტაძე, გვიყვება, რომ ამ ადგილას ადრე საბავშვო მოედანი ფუნქციონირებდა, რომელიც რკინის კონსტრუქციებით იყო აგებული. დროის განმავლობაში აღნიშნული კონსტრუქცია დაძველდა. ყველაფერი კი დამთავრდა იმით, რომ ერთ-ერთ ბავშვს თავში საქანელას რკინის ნაწილი მოხვდა. შეშფოთებულმა მოსახლეობამ, თავისივე ძალებით მოახდინა ატრაქციონების დემონტაჟი.

ასე გამოიყურება ამჟამად ის ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს.

ელენე კრავცოვას ინფორმაციით, პირველ რიგში გაკეთდება სანიაღვრე არხები, კაუჩუკის  ბილიკები. მოეწყობა ახალი ატრაქციონები, სკამები. გაკეთდება ღამის განათება.

სკვერისა და ბავშვთა მოედნის მოწყობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

2021 წლისთვის წყალტუბოს ბიუჯეტიდან ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების განსახორციელებლად „სამოქალაქო ბიუჯეტი“ 150 000 ლარით შეივსება.

„ახლა ჩემს გამოცდილებას უკვე სხვა მუნიციპალიტეტებსაც ვუზიარებ ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ექსპერტის რანგში. ღრმად მწამს, რომ მხოლოდ აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის მდგარდი განვითარების უზრუნველყოფა“ – ამბობს ელენე.