“გამოგვყევით ჩვენ! „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კარგი პრაქტიკები – შენი რეგიონის წარმატებისთვის”!

 

გურიაში ფეხბურთი ძალიან უყვართ, მაგრამ კარგი სტადიონები ძალიან ცოტაა… 

„33  წელია, აქ ვცხოვრობ და არ მახსოვს, რომ დღემდე ოზურგეთში კეთილმოწყობილი სტადიონი ყოფილიყო“, – გვეუბნება ფეხბურთის ადგილობრივი მწვრთნელი დავით სურგულაძე. თუმცა ახლა მწვრთნელი ამაყია. დავითის ინიციატივით და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით მოწყობილი „ლაშეს“ მოედანი ოზურგეთში უკვე საუკეთესოა და იქ დაახლოებით 180 ბავშვი ვარჯიშობს.

„აქამდე, ფეხბურთის მოყვარული ბავშვები პირდაპირ ღობეებთან იცვლიდნენ. წვიმიან ამინდში, თამაშის შემდეგ, დასველებულები მიდიოდნენ  სახლში. რაიონებიდან  ტურნირებში მონაწილეებსაც საველე პირობებში უწევდათ ყოფნა. ჩვენი საქმე ისე იყო, როგორც ქართულ ფილმში „პირველი მერცხალი“,  ბურთს მოთამაშეების გარდა შინაური ცხოველებიც დასდევდნენ“, – გვიყვება სურგულაძე. 

ასე გამოიყურებოდა ლაშეს ძველი სტადიონი

დამონტაჟდა გათბობის სისტემები, გაკეთდა საშხაპეები, საპირფარეშოები. ჩამოსული სტუმარი გუნდებისთვის ცალკე ოთახები და ცალკე საშხაპეები მოეწყო. ახლა ტურნირები უკვე კეთილმოწყობილ სტადიონზე ტარდება. პროექტის ღირებულება 75 000 ლარია და ის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილს შეადგენს .

სტადიონის გენერალური გეგმა

სტადიონისთვის თანხის მოძიება „სამოქალაქო ბიუჯეტიდან“ მოხდა. 

რა არის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ და როგორ შეიქმნა ის ოზურგეთში? 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ,    2018 წელს პოლონეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებული ორგანიზაციის  „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ სპეციალური ტრენინგი გაიარა, შემდეგ კი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ ცოდნა ამავე ფონდის პროექტში “პარტისიპაციის აკადემია” მიიღო. 

„ეს არის ბიუჯეტი ბიუჯეტში“, – გვისხნის ნანა. „ანუ, ადგილობრივ ბიუჯეტში იქმნება სპეციალური ბიუჯეტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განკარგავს, თუმცა სანამ ამას მივაღწევდით, დიდი შრომა გაიწია“.

ფონდმა მუნიციპალიტეტეში სპეციალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა, რომლის მიზანი მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სწორი დიალოგის წარმოება და ნდობის გაჩენა იყო. 

ორგანიზაციის მთავარი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას აჩვენოს თუ როგორ შეიძლება პირადი აქტივობით და ინიციატივით ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირედან დიდ შედეგებამდე მისვლა. როგორ ითანამშრომლონ მოქალაქეებმა სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან და ამით საფუძველი ჩაუყარონ საქართველოს სოციო-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას და ქვეყნის მდგრად განვითარებას. 

„სრულიად ახალი შესაძლებლობები დავინახეთ“, – ამბობს ნანა თავდუმაძე. „ჩვენ მოვძებნეთ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავარობო სექტორისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ძალიან კარგი მოდელი. მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისა და არასამთავრობო ორგანიზიებთან ერთად  შემოაქვთ პროექტები. საჯარო განხილვების შემდეგ, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, წყდება, რომელი პროექტი დაფინანსდება და, აი, შედეგიც სახეზეა“, – ემოციურად გვიყვება თავდუმაძე.     

პირველ წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ 150 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო 2020 წლისთვის უკვე მისმა რაოდენობამ 300 000 შეადგინა.

ნანა თავდუმაძე:

ეს კი ანასეულის სტადიონია, ასევე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაფინანსებით გაკეთებული.  „სანამ ეს მოედანი გვექნებოდა, ბავშვები ფეხბურთს ქუჩაში თამაშობდნენ“-, ამბობს დავით გუნთაძე, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად შეძლო პროექტის განხორციელება. გუნთაძე გვეუბნება, რომ როდესაც არსებობს ნდობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, შედეგი ეფექტურია. ახლა აქ ფეხბურთის სათამაშოდ შორეული უბნებიდანაც მოდიან!

თუმცა, ნანა თავდუმაძის და ოზურგეთელების სიამაყე დაკიდული ბაღები იქნება ლომთათიძის ქუჩაზე. ეს ადგილი მეწყერსაშიში ზონაა და მცოცავი ქანების შეჩერებისთვის გამაგრების სამუშაოები და იქ პარკის გაშენება დაიგეგმა.

დღეს ასე გამოიყურება ლომთათიძის ქუჩა, სადაც დაკიდული ბაღები გაშენდება

ნანა ჩვეული გადამდები ემოციით გვიყვება, რომ აქ ტერასული ბაღი გაშენდება, სადაც მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე, სკვერი, დასასვენებელი ადგილები… 

„აი, როგორ შევიკარით ერთ მუშტად მთლიანი თემი: სამეზობლო, ადგილობრივი ხელისუფლება, და გადავწყვიტეთ უსარგებლო მიწა ქალაქის სავიზიტო ბარათად ვაქციოთ“- ამბობს ნანა.

დაკიდული ბაღების ესკიზი

აღსანიშნავია, რომ „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ხიდის ფუნქციის გარდა, პროექტების განხორციელების პროცესში ექსპერტული კუთხით აქტიურადაა ჩართული. 

დაკიდული ბაღების პროექტი და ესკიზები მოსახლეობის იდეებით და სურვილების გათვალისწინებით უკვე შექმნილია. ამაში მოსახლეობას კონსულტაციას და  დახმარებას უწევდა ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ექსპერტი, არქიტექტორ-ურბანისტი, ანა ბიბილაშვილი; თუმცა, კოვიდ პანდემიის ფართოდ გავრცელების გამო, მისი განხორცილება შეფერხდა. მშენებლობა პანდემიის დასრულებისთანავე განახლდება. პარკის მოწყობის ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს.

„ეს ქუჩა სამომავლოდ გვინდა, რომ გახდეს ევროპული კუთხე. გადავღებოთ მთლიანად  ღობეები და ჭიშკრები და გავხადოთ მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე  საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებისთვის“, – გვიყვება ნანა თავდუმაძე. 

დაკიდული ბაღები (ესკიზი)

მეოთხე პროექტი, რომელიც მოსახლეობის ინიციატივით დაფინანსდა, მაია სურგულაძეს ეკუთვნის. ეს ქალაქის ცენტრში გარეკანალიზაციიის მოწესრიგებაა, რომელიც ოზურგეთელებს წლების განმავლობაში აწუხებდა.

მოწესრიგებული ქუჩა

საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებამდე, აქ გავლა თითქმის შეუძლებელი იყო

ეს კი, საბავშვო სკვერია, რომლის მოწყობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმაც. სწორედ ბავშვებმა გადაწყვიტეს კენჭისყრით, თუ რა გასართობი ატრაქციონები უნდა განთავსებულიყო აქ.

ბავშვები ფურცელზე წერენ თუ რა სათამაშო ატრაქციონების განთავსება სურთ მოედანზე