რა არის “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”?

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მიმართულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის (შიდა სოფლის გზების, გარე განათების, სკვერების და სხვ.) გაუმჯობესება-მოწყობაზე. პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო თანხის გაანგარიშებას ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სახსრებით.

ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებელი კატეგორიები განსაზღვრულია დადგენილებით და ამ ჩამონათვლიდან გამომდინარე, მაცხოვრებლები, საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით, თავად წყვეტენ რისი მოგვარება სურთ სოფელში და როგორ განკარგონ  საკუთარ სოფელზე გამოყოფილი თანხა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” საქართველოში მოქმედებს 2012 წლიდან. ციტატა –  „აქტიური მოქალაქეები – ძლიერი მუნიციპალიტეტი!“

როგორია “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მუშაობის პრინციპი?

1

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თანხის გაანგარიშება /გამოყოფა - თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი; დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400-მდე მაცხოვრებელს, გამოეყოფა 12 000 ლარი; დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1000-მდე მაცხოვრებელს, გამოეყოფა 16 000 ლარი; დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 20 000 ლარი.
თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული პროექტისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხის 100 პროცენტს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დასახლებებისთვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი თანხის რაოდენობა და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის თანხის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს და დასამტკიცებლად წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.
2

მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის ინფორმირება და დასახლების საერთო კრებების / კონსულტაციების მომზადება

შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა გზით (პირადად, განცხადებების გამოკვრით და ა.შ.) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის შესახებ.
3

სოფლის კრების ჩატარება / კონსულტირება

ადგილობრივი მოსახლეობის (თუ რეგისტრირებული მოსახლეობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს) მინიმუმ 20% იკრიბება გარკვეულ ადგილას (კრების ჩატარებას უზრუნველყოფს მერი) და იწყებს მსჯელობას სოფელში არსებულ პრობლემებზე; თუ მოსახლეობა 500 ამომრჩეველს აჭარბებს, მაშინ პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით.
4

პრობლემების გამოვლენა

კრებაზე შეკრებილი მოსახლეობა ასახელებს რამდენიმე პრობლემას, რომლის მოგვარებაც სურთ პირველ რიგში.
5

ხმის მიცემა

მაცხოვრებელი ესწრება კრებას და ხმას აძლევს სასურველ პროექტს. პროექტები შეირჩევა დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. ერთნაირი ხმების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი კენჭისყრით გამოვლენილი საუკეთესო და ერთნაირი შედეგის მქონე საპროექტო წინადადებებიდან.
6

პროექტის განხორციელება

მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დასახლებების მიხედვით შესაბამის პროექტს (მათ შორის, სავარაუდო ღირებულების მითითებით); მუნიციპალიტეტის საკრებულო დასახლებების (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) მიხედვით ანაწილებს შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრულ თანხას. (პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების წესი - საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილება)

გსურთ გაიგოთ უფრო მეტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ?

MUST KNOW – ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ შეძლოთ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ამუშავება თქვენს თემში (10 კითხვა-პასუხი)

რატომ უნდა ავირჩიოთ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’?

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განხორციელების დროს სარგებელს ნახულობს როგორც  მოსახლეობა, ასევე მუნიციპალიტეტი. როცა სახელმწიფოდან არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვის ნება, ნაცვლად იმისა რომ  მხოლოდ კაბინეტში არ დგებოდეს ბიუჯეტი, ეს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველი უნდა იყოს. ამ პროცესში თვითმმართველობა ახდენს იმ ძირითადი პრინციპის განხორციელებას, რაც თვითმმართველობის მთავარი მიზანია.

“სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” განხორციელების დროს მოგებული რჩება მოსახლეობა, რადგან თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ განკარგოს  საკუთარი  ფული და  რა პრობლემის გადაწყვეტა სურს.

რა არის საჭირო ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ განსახორციელებლად?

ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა რაოდენობის თანხაა  გამოყოფილი ამა თუ იმ  კონკრეტული  დასახლებისთვის. აგრეთვე, უნდა იყოს  შესაბამისი დასახლებების საერთო კრებების მიერ ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები იმის შესახებ თუ  მათი საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელი პრობლემის გადაწყვეტა სურთ მათ ამ თანხით.

რამდენად დიდ გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე თანამდებობის პირთა ჩართულობა?

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში” საბოლოო გადაწყვეტილებას, რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, იღებს დასახლების საერთო კრება (500 მაცხოვრებლამდე), ან ეს ხდება ამ ამომრჩეველთან კონსულტაციის გზით (500-ზე მეტი მაცხოვრებელი).

ამდენად, თანამდებობის პირების ჩართულობას საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა არ აქვს.

საიდან და როგორ ფინანსდება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"?

პროგრამის დაფინანსების წყაროა  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი (2019 წელი – 280 მლნ. ლარი). თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი  პრინციპის დაცვით:

დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 200 კაცამდე გამოეყოფა  10 000 ლარი;

  • 201 – 400 კაცამდე _ 12 000 ლარი;
  • 401 – 1 000 კაცამდე _ 16 000 ლარი;
  • 1 000 კაცზე მეტი _ 20 000 ლარი.

შესაძლებელია თანადაფინანსება  სხვა წყაროებიდან.

თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული პროექტისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხის 100 პროცენტს.

როგორ ხდება განსახორციელებელი პროექტების შერჩევა?

დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;

თუ რაოდენობა შეადგენს 501-დან 1 000-მდე ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა;

თუ  რაოდენობა აღემატება 1 000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200-მა  ამომრჩეველმა.

არის თუ არა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" კანონიერი?

ეს არის კანონიერი პროცესი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების დასახლებების მოსახლეობისა), ახორციელებს განსაზღვრული თანხის გაანგარიშებას. შემდეგ ამ თანხას განკარგავს თავად  მოსახლეობა დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

რა მოხდება, თუ არ შედგა კრება / კონსულტაცია პროექტის შესარჩევად?

თუ  კრება/კონსულტაცია არ შედგა, დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიემართება რეგიონალურ ფონდში. ერთი დასახლებისთვის განკუთვნილი თანხა არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად.

ვინ არის პასუხისმგებელი თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე?

თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

პროექტების მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო.

პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინება საქართველოს მთავრობას.

რა ვადებში ხდება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში" წინადადებების მიღება?

სამუშაო ჯგუფის შექმნა – მოსამზადებელი სამუშაოები –  28/12 – 08/01

მოსახლეობის ინფორმირება და წინადადებების მიღება – 03/01 – 15/01

კრებების / კონსულტაციების ჩატარება – 15/01 – 28/02

პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების წესი გაწერილია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბერის №654 დადგენილებით.

გსურთ გაიგოთ უფრო მეტი?

სახელმძღვანელო

ჩამოტვირთეთ სახელმძღვანელო და ინსტრუქცია

დაუკავშირდით ექსპერტს

დაუკავშირდით ექსპერტს

გაიარეთ კურსები

“გარე სწავლებისა და ჩართულობის შესაძლებლობები”
– გაიგეთ მეტი “პარტიციპაციის აკადემიის” შესახებ