რა არის საქართველოს კანონით განსაზღვრული “სხვა მონაწილეობითი ფორმები (მექანიზმები)” (OPF)?

მონაწილეობის სხვა ფორმები საქართველოს კანონის მიხედვით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

აქტიურ მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა გზით ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებას სახელისუფლებო ორგანოები იღებენ, თუმცა მოქალაქეები, დიალოგის საშუალებით, აწვდიან სახელმწიფო ან ადგილობრივ ინსტიტუტებს მოსაზრებებს, ალტერნატივებსა და მიმართულებებს. ანუ მოქალაქეები, გარკვეულ გავლენას ახდენენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (მუხლი 85) მოქალაქეს საზოგადოებრივი ჩართულობის სხვადასხვა ფორმას სთავაზობს. ესენია:

ა)  “დასახლების საერთო კრება” – იგი წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის მსჯელობას მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და შესაბამისი წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად;

ბ) “პეტიცია” – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტია, რომლის შეტანის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას.

გ) “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო” – მუნიციპალიტეტის მერის / რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანოა, რომლის შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა – ამ სხდომებში მონაწილეობა თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. დამსწრენი უშუალოდ პირველი პირისგან იღებენ ინფორმაციას;

ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა – კანონმდებლობით მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან,   წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბარონ თავის ამომრჩევლებს. უფრო მეტიც, მოქალაქეებს თავადაც შეუძლიათ მოსთხოვონ ზემოხსენებულ პირებს ანგარიშის ჩაბარება.

მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სხვა ფორმებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ციტატა – “დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის, აღზარდოს არა მარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა, მოქალაქე …  უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომელთაც უნარი ექნებათ შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს განვითარების პროცესში …“

დიმიტრი უზნაძე, 1917 წ.

გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი საქართველოს კანონით განსაზღვრულ “სხვა მონაწილეობით ფორმებზე (მექანიზმებზე)” (OPF)?

MUST KNOW – ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ შეძლოთ საქართველოს კანონით განსაზღვრული “სხვა მონაწილეობითი  ფორმების (მექანიზმების)” (OPF) ამუშავება თქვენს თემში.

10 კითხვა- პასუხი

ვის შეუძლია პეტიციის წარდგენა?

პეტიცია მოქალაქეებიისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიმართვის საშუალებაა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად (2015 წ.), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-მა ან დასახლების საერთო კრებამ შეიძლება წარადგინოს პეტიცია.

რომელი საკითხის წარდგენა შეიძლება პეტიციით?

პრაქტიკულად, ნებისმიერი საკითხი, როგორც ნორმატიული აქტები და/ან მათში შესატანი ცვლილებები, ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი, რომელიც მოსახლეობის ინტერესს იწვევს, შეიძლება წარმოდგენილი იყოს პეტიციით.

რა დრო სჭირდება პეტიციაზე პასუხის მიღებას?

კოდექსის თანახმად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, პეტიციას პასუხი უნდა გასცეს  მისი წარდგენის მომენტიდან მაქსიმუმ 2 თვეში (1 თვე და 22 დღე).

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება დასახლების საერთო კრებაში?

კრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დასახლებაში დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს, ასევე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ სხვა მოქალაქეებს. კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს წევრების არანაკლებ 20%.

რა სიხშირით ტარდება დასახლების საერთო კრება და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები?

კრება  შეიძლება ჩატარდეს შეუზღუდავი რაოდენობით. ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრის საფუძველზე –  ხმათა უმრავლესობით.

რა ფუნქცია აკისრია "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს"?

მუნიციპალიტეტის გამგებელი / მერი ვალდებულია “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” განსახილველად წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი, წინადადებები გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებით, ნორმატიული აქტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება სპეციალური დოკუმენტით – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულება, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი / მერი.

ვინ შეიძლება იყოს "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს" წევრი და როგორ ირჩევენ მას?

“სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო” მოიცავს ბიზნესმენებს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებს.

86-ე მუხლის თანახმად, “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში”, მინიმუმ, 10 ადამიანი უნდა შედიოდეს.

შერჩევის ოფიციალურად გაწერილი პროცედურა არ არის გათვალისწინებული. ზოგ მუნიციპალიტეტში საბჭოს ფორმირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მსურველები შეირჩევიან CV-ისა და მოტივაციის წერილების საფუძველზე. სხვა მუნიციპალიტეტებში, გამგებელი მიმართავს პოტენციურ წევრებს საბჭოში შესვლის წინადადებით, ზოგან კი კანდიდატებს წარადგენს მოსახლეობა.

რა სიხშირით უნდა იკრიბებოდეს "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო"?

კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტში საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, ყოველ სამ თვეში ერთხელ.

როგორ შეიძლება მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებში?

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებისმიერ პირს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ასეთ ღონისძიებებში, წინასწარი შეტყობინების გარეშე. კანონი ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ შეხვედრების დასწრების მსურველთა ადგილები, ან შექმნან პირობები საჯარო მოსმენისთვის, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ საშუალება, მოისმინონ  საქმის განხილვა.

რა პერიოდში უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების წარდგენა?

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ (არა უგვიანეს 1-ლი ნოემბრისა).

გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი?

სახელმძღვანელო

ჩამოტვირთეთ ინსტრუქცია და სახელმძღვანელო

დაუკავშირდით პრაქტიკოსს

დაუკავშირდით პრაქტიკოსს

გაიარეთ კურსები

გარე სწავლისა და ჩართულობის შესაძლებლობები
– გაიგეთ მეტი “პარტიციპაციის აკადემიის” შესახებ