“თანამონაწილეობითი დაგეგმარება” არის სახელმწიფოს განვითარების პროცესში ჩარევის ერთ-ერთი სახე, როდესაც მოსახლეობა და დაინტერესებული მოქალაქეები ჩართულნი არიან პროექტის შესრულების ყველა ეტაპზე. ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას პროექტის ისეთ ტექნიკურ მხარეებზე, როგორიცაა: ფუნქციური გაანალიზება, არქიტექტურული და დიზაინ გადაწყვეტილებები, სამშენებლო მოცულობები და საპროექტო ობიექტის სხვა დეტალები.
რა არის “თანამონაწილეობითი დაგეგმარება”?
იგი ძირითადად გამოიყენება საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტების დაგეგმარების და რეკონსტრუქციის დროს.
ციტატა – „იმოქმედეთ და თქვენ შეცვლით საკუთარ ქალაქს“.
როგორია “თანამონაწილეობითი დაგეგმარების” მუშაობის პრინციპი?
გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი “თანამონაწილეობითი დაგეგმარების” შესახებ?
MUST KNOW – ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ შეძლოთ “თანამონაწილეობითი დაგეგმარების” ამუშავება თქვენს თემში.
(10 კითხვა-პასუხი)
რატომ უნდა ავირჩიოთ "თანამონაწილეობითი დაგეგმარების" მეთოდი?
“თანამონაწილეობითი დაგეგმარების” დროს ხდება ობიექტის პოტენციური მომხმარებლების და მოსახლეობის საჭიროებების და მოლოდინების მაქსიმალური დაზუსტება და მათი გათვალისწინება პროექტის დეტალურ დონეზე, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის მოლოდინების გამართლებას.
ასეთი მეთოდის გამოყენება ორიენტირებულია შედეგზე და უზრუნველყოფს თითოეული ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებას პროექტის განხორციელების ყველა სტადიაზე.
როგორ პროექტებშია შესაძლებელი "თანამონაწილეობითი დაგეგმარების" გამოყენება?
“თანამონაწილეობითი დაგეგმარების” მეთოდი გულისხმობს ნებისმიერი სახის პროექტებს, რომლებიც მომხმარებლის ჩართულობისა და გამოკითხვის საშუალებით ითვალისწინებს და ერგება დაინტერესებული მხარის საჭიროებებს, მაშინაც კი თუ ასეთი პოტენციური მომხმარებელი მხოლოდ ერთი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფია.
ძირითად შემთხვევაში “თანამონაწილეობითი დაგეგმარება” გამოიყენება საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტების დაგეგმარების და რეკონსტრუქციისას მაშინ, როდესაც ხდება რამდენიმე ფუნქციისა და სოციალური ჯგუფის ინტერესთა გადაკვეთა.
ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პროექტისთვის, როდესაც რამდენიმე ფუნქციისა და სოციალური ჯგუფის ინტერესები იკვეთება. კერძოდ, იგი გამოიყენება და კარგად მუშაობს საზოგადოებრივი სივრცეების დაგეგმვაში. მაგალითად, პარკებში, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას განვითარების გეგმებისას და საზოგადოებრივ სერვისებში.
შეიძლება თუ არა "თანამონაწილეობითი დაგეგმარების" განხორციელება ჩემს მუნიციპალიტეტში?
განხორციელება შეიძლება ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა დასახლებულ პუნქტში, იქნება ეს ქალაქი, რაიონული ცენტრი, სოფელი, დაბა თუ სხვა ტიპის დასახლება.
მაგალითებს შეგიძლიათ გაეცნოთ ოზურგეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
რამდენად დიდ გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე თანამდებობის პირების ჩართულობა?
“თანამონაწილეობითი დაგეგმარება” შინაარსობრივად დემოკრატიული პროცესია, რომელშიც გადაწყვეტილებების მიღების დროს თითოეულ მონაწილეს აქვს ხმის უფლება. საბოლოო გადაწყვეტილება შემუშავებულია მოსახლეობის მიერ.
ადამიანთა ხმების მნიშვნელობა არ განისაზღვრება საზოგადოებრივი, სოციალური და თანამდებობრივი სტატუსის მიხედვით. შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პრიორიტეტული სოციალური ჯგუფები, როგორიცაა ბავშვები, ხანდაზმულები და შშმ პირები.
შესაძლებელია თუ არა "თანამონაწილეობითი დაგეგმარების" განხორციელება თუ არ არსებობს დამატებითი ბიუჯეტი ამისთვის?
“თანამონაწილეობითი დაგეგმარება” კომპლექსური პროცესია და შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. თუმცა მოსახლეობის მინიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია მისი განხორციელება დამატებითი ბიუჯეტის გარეშეც.
მინიმალური ჩართულობა შესაძლებელია იყოს მოსახლეობის გამოკითხვა, ან ესკიზური პროექტის საჯარო პრეზენტაცია.
რატომ გაითვალისწინებს მოქალაქეთა ჩართულობით მიღებულ გადაწყვეტილებებს ინვესტორი?
ნებისმიერი ინვესტიციის მიზანია წარმატებული ექსპლუატაცია, ხოლო საზოგადოებრივი სივრცეების წარმატებულობა პირდაპირპროპორციულია იმასთან, თუ რამდენადაა სივრცე დატვირთული და აქტიური. პოტენციური მომხმარებლების გამოკითხვა და ჩართვა პროცესებში, სამომავლოდ, მათი აქტივობისთვის საუკეთესო გარანტიაა.
არის თუ არა "თანამონაწილეობითი დაგეგმარება" კანონიერი?
“თანამონაწილეობითი დაგეგმარება” არის კანონიერი პროცესი. უფრო მეტიც, მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ევროკავშირი & საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიც ითვალისწინებს.
რა თანხაა საჭირო "თანამონაწილეობითი დაგეგმარების" განსახორციელებლად?
“თანამონაწილეობითი დაგეგმარების” ღირებულება დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე, ფუნქციაზე და მოსახლეობის რაოდენობაზე, რომელზეც ეს პროექტი გავლენას ახდენს. მისი ღირებულება იანგარიშება პროცესებში ჩართული პირების სამუშაო დროის, მოსახლეობასთან შეხვედრების სავალდებულო რაოდენობით, ტექნიკური საჭიროებებისა და საინფორმაციო კამპანიის რესურსის მიხედვით.
რა დამატებითი რესურსებია აუცილებელი "თანამონაწილეობითი დაგეგმარების" განსახორციელებლად?
“თანამონაწილეობითი დაგეგმარების” განსახორციელებლად აუცილებელია არქიტექტორი / ლანდშტაფის დიზაინერი და სამუშაოების ღირებულების შემფასებელი, ანუ ადამიანი, რომელიც დაითვლის მომავალი სამუშაოების ღირებულებას.
რა პერიოდია საჭირო "თანამონაწილეობითი დაგეგმარების" განსახორციელებლად?
კანონმდებლობით ვადები გაწერილი არ არის. პრაქტიკიდან გამომდინარე კი “თანამონაწილეობითი დაგეგმარების” განსახორციელებლად საკმარისია სამი თვიდან ექვს თვემდე. ანუ პროექტის პრაქტიკული შესრულების დაწყებამდე და უნდა დასრულდეს წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, რათა არ გახდეს საჭირო ბიუჯეტის ცვლილება.
გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი?
გაიარეთ კურსები
გარე სწავლისა და ჩართულობის შესაძლებლობები
– გაიგეთ მეტი “პარტიციპაციის აკადემიის” შესახებ