ავტორის სახელი: ნინო ბატიაშვილი
პროექტის ადგილმდებარეობა: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ამოცანები: პროექტის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებულ საბიბლიოთეკო სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური სივრცის ,,მედიათეკა” მოწყობა, ახალგაზრდების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების, ღონისძიებების მოწყობის, გააქტიურების და მათი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაძლიერების მიზნით.
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ მონაწილეობს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაბალი სამოქალაქო ჩართულობის მიზეზებად სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობების გაუცნობიერებლობა, ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის არქონა, სათანადო სივრცეების/თავშეყრის ადგილების არარსებობა შეიძლება მივიჩნიოთ. დაბალი სამოქალაქო აქტივობის გამო, ახალგაზრდებში სარისკო ქცევებისადმი (სიგარეტი, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები) მიდრეკილება გაზრდილია. ამასთან, ახალგაზრდებში, ნელ-ნელა იკარგება წიგნის კითხვის ინტერესი.საკმაოდ მწვავე საკითხია კომუნიკაციების პრობლემები, რასაც პანდემიის პერიოდში შემოღებულმა რეგულაციებმაც შეუწყო ხელი და მასზე უამრავი მშობელი ამახვილებს ყურადღებას. ზ/აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებულ საბიბლიოთეკო სივრცეში მოეწყობა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი, ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური სივრცე ,,მედიათეკა”. ეს იქნება სივრცე წიგნებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ფილმების ნახვას, წიგნების განხილვას,გამოფენების მოწყობას,თანატოლგანათლებას,თავისუფალი დროის სასარგებლოდ გატარებას და არაფორმალური განათლების ინოვაციურ გარემოში მიღებას.
როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემიის“ პროცესში მიღებულ ცოდნას: მუნიციპალიტეტში შეიქმნა მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭოების ფორმირების პროცესებზე და მისი მიზანია, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჯგუფმა უკვე გადადგა წარმატებული ნაბიჯები ,,პროცესის მომზადების” მიმართულებით, რომელიც სწორედ აკადემიის ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე იყო დაფუძნებული. შეიქმნა კითხვარი და დაიტესტა LopiAsk-ის საშუალებით, დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია და კონსულტაციები, შედეგების გაანალიზების და საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპები (1,2,3 სესიებიდან მიღებული ცოდნა). წარმოდგენილი პროექტის შემუშავებისას გამოყენებული იქნა მე-4 სესიის ფარგლებში მიღებული ცოდნა. წარმოდგენილი პროექტის მიზანი, პირდაპირ კავშირშია ჩართულობის მექანიზმების გააქტიურებასთან, სექტორთშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობის გაზრდასთან, თანამონაწილეობით დაგეგმარების პროცესების გააქტიურებასთან, რომელიც მონაწილეობითი აკადემიის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნება.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებულ საბიბლიოთეკო სივრცეში, მედიათეკის მოწყობის იდეა ასევე წარდგენილი გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციაში (ათეა), რომელიც ევროკავშირის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში განიხილავს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილ საპროექტო განაცხადებს. ორივე დონორის მხრიდან ერთი და იგივე საპროექტო იდეის მოწონებისა და დაფინანსების შემთხვევაში, ახალგაზრდული სივრცე ,,მედიათეკა” უფრო მეტი მომხმარებლის მიღებას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე კონტიგენტზე გაითვლება. ამასთან, ახალ სივრცეში, ჩატარდება ახალგაზრდებისთვის, რამდენიმე თემატური ლექცია/სემინარი, სექტორთშორისი თანამშრომლობის ფორმატში, რომლის კარგი გამოცდილება უკვე არსებობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ასევე ახალგაზრდები გადამზადდებიან პროექტების წერის მიმართულებით და პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად დაწერენ მათ საჭიროებებზე მორგებულ პროექტს, რომელიმე დონორ ორგანიზაციაში წარსადგენად, რომლის თანადაფინანსებას ან/და მხარდაჭერას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.
პროექტის ბიუჯეტი იხილეთ აქ.
რა იქნება ინდივიდუალური ან ჯგუფის წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: პროექტის ავტორი, მუნიციპალიტეტის მრავალსექტორული ჯგუფის წევრებთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს თემატურ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, თანამონაწილეობით დაგეგმარებაზე, ჩართულობის ფორმებზე. ჯგუფის წევრები, ახალგაზრდულ მუშაკებთან და ახალგაზრდებთან ერთად მოამზადებენ საპროექტო განაცხადს, რომელიმე დონორ ორგანიზაციაში წარსადგენად, რომლის მხარდაჭერას ან/და თანადაფინანსებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.
რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური): მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ახლადრეაბილიტირებული ბიბლიოთეკის ფართი, დაეთმობა ,,მედიათეკის” სივრცის მოწყობას. წიგნადი ფონდი, გამოყენებული იქნება ა(ა)იპ ლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრის ” ბალანსზე რიცხული ბიბლიოთეკის წიგნებიდან. ,,მედიათეკის” ინვენტარზე, ასევე ინტერნეტით უზრუნველყოფაზე იზრუნებს ა(ა)იპ ლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი”, კომპიუტერს (1 ერთეული) შეიძენს მერია.
ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: 1. ,,მედიათეკის” სივრცის სამართავად გადაცემა ა(ა)იპლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრზე – მერია/საკრებულო; 2. ,,მედიათეკის” აღჭურვა სათანადო საოფისე ინვენტარით – ა(ა)იპ ლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი; 3. ,,მედიათეკის” ტექნიკური აღჭურვა- პროექტის ფარგლებში (ლეპტოპი,პროექტორი, ეკრანი, პრინტერი) დონორი; 4. ,,მედიათეკის” წიგნებით აღჭურვა – ა(ა)იპლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიდან; 5. ,,მედიათეკის” ინტერნეტით (Wi-Fi) უზრუნველყოფა – ა(ა)იპლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი; 6. ,,მედიათეკისთვის” 1 ერთეული პერსონალური კომპიუტერის გადაცემა, სათანადო აღჭურვილობთ – მერია; 7. თემატური ლექცია/სემინარი ახალგაზრდებისთვის – პროექტის ავტორი, მრავალსექტორულ ჯგუფის წევრებთან ერთად; 8. ახალგაზრდების გადამზადება პროექტების წერის მიმართულებით და განაცხადის შემუშავება -ახალგაზრდული მუშაკები, მრავალსექტორულ ჯგუფის წევრებთან ერთად.
ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: პროექტის მყისიერი შედეგი იქნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებულ საბიბლიოთეკო სივრცეში, მოწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური სივრცე ,,მედიათეკა” . მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების 50% ჩართულია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდები სხვადასხვა მიზნით აქტიურად მოიხმარენ მედიათეკის სივრცეს, წლის განმავლობაში ჩატარებულია მინიმუმ 6 თემატური ლექცია/სემინარი, მინიმუმ 2 გამოფენა ხელოვანი ახალგაზრდებისთვის, მინიმუმ 6 ფილმის ჩვენება, მინიმუმ 3 ფესტივალი,დაფინანსებული ან/დამხარდაჭერილია მინიმუმ 2 ახალგაზრდული პროექტი. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან – ახალგაზრდები,ხოლო არაპირდაპირი ბენეფიციარები-მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა იქნება 4 თვე. 1-ელი ეტაპი -სივრცის გამოყოფა/გადაცემა ა(ა)იპ ლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრისთვის , სათანადო საოფისე ინვენტარით აღჭურვა და ინტერნეტით უზრუნველყოფა; მე-2 ეტაპი – მერიის მხრიდან 1 ერთეული კომპიუტერის(აღჭურვილობით) შეძენა/გადაცემა ; მე-3 ეტაპი დონორის მხრიდან პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტექნიკის შეძენა და გადაცემა; მე-4 ეტაპი ,,მედიათეკის” საზეიმო გახსნა; მე-5 ეტაპი თემატური ლექცია/სემინარები ახალგაზრდებისთვის; მე-6 ეტაპი საპროექტო განაცხადის მომზადება ახალგაზრდების ჩართულობით დონორ ორგანიზაციაში წარსადგენად.