მუნიციპალიტეტი და ავტორთა ჯგუფის შემადგენლობა: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გოგოლესუბანი – ინგა კურტანიძე, ზაზა ცინცაძე, ზაურ ოსეფაიშვილი.
პროექტის ამოცანები: პროექტის ამოცანაა გოგოლესუბნის ადმინისტრაციულ თემში “მერეს” დასახლებაში ახალგაზრდული, ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობა. კერძოდ: გაკეთდება მავთულბადის მყარი ჩაცემენტებული ღობე, დაიდგმება მაგიდა და ძელ სკამები, უზრუნველყოფილი იქნება განათება, ასევე, დაირგვება მარადმწვანე ხეები, მოეწყობა პარკის ზედა საფარი წვრილი ღორღის ბილიკებით.
საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა: ჩვენი იდეა ეხება სოფელ გოგოლესუბანში, მოსახლეობითა და ბავშვებით ხალხმრავალ უბანში, გასართობი დასასვებებელი სკვერის მოწყობას. გოგოლესუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 1070 ადამიანი. კონკრეტულად “მერეს” უბანში 110 ადამიანი; მათ შორის 37 ბავშვი. უბანს გააჩნია სივრცე, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მჭიდროდ დასახლებულ უბანში შეიქმნას გასართობი, დასასვენებელი, საბავშვო, ახალგაზრდული თავშეყრის ადგილი, სადაც შეიძლება ჩატარდეს კულტურული ღონისძიებები, სოფლის კრებები, საბავშვო სხვადასხვა ღონისძიებები. პროექტის განხორციელებისთვის ჩვენი ჯგუფი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, მერის წარმომადგენელს სოფელ გოგოლესუბანში, ჩოხატაურის მერს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს წარმომადგენელს, არასმთავრობო ორგანიზაციასა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. საინიციატივო ჯგუფი და ზემოთჩამოთვლილი მხარეები შევთანხმდით თანამშრომლობაზე და დავსახეთ სამომავლო ურთიერთობის გეგმა პროექტის განხორციელების მიზნით.
როგორ იყენებს საპროექტო იდეა / კონცეფცია „მონაწილეობის აკადემია გურიაში“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით მონაწილეობის აკადემიის სესიები და თემები): ჩვენი ჯგუფის სამივე წევრი შევხვდით სოფელ გოგოლესუბანში “მერეს” ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრის დროს თითოეული მათგანი ვიყავით ფასილიტატორი, მოდერატორი და წამყვანი. შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ. წამყვანი ცდილობდა მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე აეხსნა შეხვედრის მიზანი. ყველას მიეცა თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება. სწორედ მათთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა პრიორიტეტულად გასართობი დასასვენებელი პარკის მოწყობა. შეხვედრის მონაწილეები გავყავით ორ ჯგუფად და გამოვიყენეთ “მსოფლიო კაფეს “მაგალითი, რითაც მოვახდინეთ იდეების გენერირება და გამოიკვეთ პრიორიტეტულად საჭირო შესასრულებელი აღჭურვილობა პარკის მოწყობისთვის. ჩვენი ჯგუფის წევრებმა გავიხსენეთ აკადემის მესამე სესიის დროს პროექტების წერის სპეციფიკა და კრიტერიუმები, შევკრიბეთ და ვიმუშავეთ ამ პროექტზე.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული: ჩვენმა ჯგუფის წევრებმა მივმართეთ წერილობით მუნიციპალიტეტის მერს. მივაწოდეთ ინფორმაცია არსებულ პროექტზე მუშაობის პროცესზე და ვთხოვეთ ფინანსური მხარდაჭერა. ასევე მივმართეთ წერილობით მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერულ საბჭოს მხარდაჭერისთვის. მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას სამომავლო მხარდაჭერის წერილით. აგრეთვე მივმართეთ სოფლის ადგილობრივ ინდმეწარმეებს. მათი მხრიდან გვაქვს მხარდაჭერის სამოტივაციო საპასუხო წერილები.
რა იქნება თქვენი ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური: ჩვენი ჯგუფი იღებს პასუხისმგებლობას აკადემიაში მიღებული ცოდნა და განათლება მოვახმაროთ პროექტის განხორციელებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კეთილსინდისიერად შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა პროექტის მიზნის მისაღწევად.
რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულოს / მერიის / ბიზნესის / სხვა: მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს პარკის ტერიტორიაზე განათების მოწყობას და დახარჯული ელექტროენერგიის გადახდას. მუნიციპალიტეტის საკრებულო მხარს უჭერს პროექტის განხორციელებას და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია “შალომ კლუბი გურია” უზრუნველყოფს პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადებას. ადგილობრივი ინდ. მეწარმეები (ორი ადამიანი) გამოთქვამენ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის თანხმობას. იხ. მხარდაჭერის წერილები.
ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე: ადგილობრივი მოსახლეობა, ასაკიანი უხუცესი ადამიანები, ბავშვები და მოზარდები, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდგომში ამ პარკის მოვლა-პატრონობასა და დაცვას.
ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის/ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ: ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. მუნიციპალურ სერვისებზე წვდომისთვის გაჩნდება სივრცე სოფლის კრებებისთვის და შეხვედრებისთვის. დაიგეგმება გენდერული საბჭოს ღონისძიებები. ასეთი კომფორტული სივრცის გაჩენა დიდ სარგებლობას მოუტანს ამ თემში ადგილობრივ მოსახლეობას. თაობათაშორისი კომუნიკაციისთვის კულტურული ღონისძიებებისთვის, ბავშვთა უსაფრთხო გარემოში ყოფნისთვის. ასევე ამ კუთხეში ცხოვრობენ უხუცესი ადამიანები, რომლებიც შესანიშნავი ხალხური სიმღერების ლოტბარები არიან და ეს სკვერი იქნება ნათელი მაგალითი თაობათაშორისი ურთიერთობის დამყარებისა და განმტკიცების. ეს პარკი იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის.
მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ვადებთან დაკავშირებით: პროექტი განხორციელდება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
აღწერეთ პროექტის ხარჯები: პროექტის მთლიანი ღირებულებაა 7249 ლარი. ფონდიდან მოთხოვნილი თანხაა 6600 ლარი, სხვა წვლილი 649 ლარი.