მოხარულნი ვართ, გაგიზიაროთ ინტერვიუ გვანცა კიკალეიშვილთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციის განათლებისა და განვითარების ცენტრის „თოლისკური“ გამგეობის თავმჯდომარესთან, რომელიც გახლავთ „სოლიდარობის ფონდ პლ საქართველოს“ პროექტის „მონაწილეობის აკადემიის“ წარმატებული კურსდამთავრებული. გარდა ამისა, გვანცა არის პროგრამის „ინდივიდუალური სერტიფიცირება“ გამარჯვებული. სწორედ ამ გამარჯვებამ მისცა მას შესაძლებლობა, 2022 წლის ოქტომბერში ერთი კვირით გამგზავრებულიყო სასწავლო ვიზიტით პოლონეთში. ინტერვიუს ფარგლებში, გვანცამ გაგვიზიარა ვიზიტით მიღებული შთაბეჭდილებები, გამოცდილება და ცოდნა.
მოგვიყევით იმის შესახებ, თუ როგორ მოგეცათ პოლონეთში სასწავლო ვიზიტით წასვლის შესაძლებლობა?
საერთაშორისო ორგანიზაციის “სოლიდარობის ფონდ პლ საქართველოში“ მიერ განხორციელებულ აქტივობებს ხშირად სოციალურ ქსელში ვხედავდი. ერთ დღესაც ვნახე „მონაწილეობის აკადემიის“ მონაწილეთა შესარჩევი ფორმა, რომელიც შევავსე. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, მქონდა ონლაინ გასაუბრება და შემარჩიეს მონაწილედ. “მონაწილეობის აკადემიაში“ გავიარე ტრენინგების ციკლი, რომელიც საინტერესო და საჭირო აღმოჩნდა, ვინაიდან, მე და ჩემი ორგანიზაცია ვმუშაობთ რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტში და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ხოლო მოცემული პროგრამა სწორედ ამ საკითხებში გაძლიერებას ითვალისწინებდა. ასევე, „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთანაც მუშაობს და პროცესი ამიტომაც არის საინტერესო, რადგან არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივი გაძლიერება ყოველთვის შედეგზე არის ორიენტირებული.
„მონაწილეობის აკადემიის“ წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ, SFPL-მა („სოლიდარობის ფონდ პლ საქართველო“) გამოაცხადა კონკურსი „ინდივიდუალური სერტიფიცირება“, რომელშიც ასევე მივიღე მონაწილეობა. ეს კონკურსი ითვალისწინებდა ყველა იმ საქმიანობის აღწერას, რომელიც მოიცავდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. შესაბამისად, მეც აღვწერე ჩემი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ „მონაწილეობის აკადემიაში“ ბევრი საინტერესო გამოცდილების მქონე ადამიანი იყო ჩართული და, აქედან გამომდინარე, კონკურენციაც იყო მაღალი, ვაღიარებ, ძალიან გამიხარდა, როდესაც ვნახე, რომ ერთი გამარჯვებული წავიდოდა სასწავლო ვიზიტით პოლონეთში. ყველა ის საქმიანობა, რაც 2014 წლიდან ხობის მუნიციპალიტეტში განმიხორციელებია, სწორედ „ინდივიდუალურ სერტიფიცირებაში“ თითქოს აკუმულირდა, რამაც გამარჯვების დიდი შანსი მომცა.
გაგვიზიარეთ ის შთაბეჭდილებები, რომლებიც დაგიტოვათ ვიზიტმა სოლეც კუიავსკიში, კუიავო-პომერანიის სავოევოდოში (რეგიონში)?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია პოლონელი ხალხის დიდი სიყვარული ქართველების მიმართ, როდესაც ყველა შეხვედრაზე ქართული დროშით გვხდებოდნენ და დადებით ემოციას არ იშურებდნენ.
ყველა მიზნობრივ ქალაქში შევხვდით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. დეტალურად გაგვაცნეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი და ის, თუ როგორ მუშაობს მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა პრობლემური საკითხის მოგვარებაში.
სასწავლო ტურთან ერთად იყო კულტურული ტურიც, რომლის დროსაც მოვინახულეთ ტურისტული ქალაქები – ტორუნი და ბიდგოშჩი. ტურს უძღვებოდა გიდი, რომელმაც გვიამბო, რომ ტორუნში დაიბადა ცნობილი პოლონელი ასტრონომი ნიკოლოზ კოპერნიკი. აღსანიშნავია, რომ ქალაქებს შენარჩუნებული აქვთ ძველი იერსახე. გარდა ამისა, კულტურული ტურის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღეთ თაფლაკვერის დამზადების მასტერკლასში.
როდესაც გაეცანით პოლონურ გამოცდილებას, რა აღმოჩნდა თქვენთვის მთავარი სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებაში?
სიახლე იყო სტრუქტურული მოწყობა, დაფინანსების ოდენობა, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი და მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიული მიდგომა, რაც სტრატეგიული გეგმის სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. გუნდური მუშაობის პრინციპები, ეფექტური კომუნიკაცია, როგორც შიდა სამსახურებს შორის, ასევე საზოგადოებასთან, რაც ეტყობა ქალაქებს და განხორციელებულ საქმიანობებს. მოწვეული ექსპერტების რჩევების გათვალისწინება და კონსენსუსის მიღწევა. თითოეული სტრუქტურული ერთეული დამოუკიდებლად წყვეტს მისი ქალაქისა თუ გმინის (იგივე მუნიციპალიტეტი, პირველადი თვითმმართველი ერთეული პოლონეთში) საჭიროებას და შესაბამისად რეაგირებს.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პოლონეთში დამკვიდრებული ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის სტრატეგიები თქვენს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად?
უპირველესად, ვფიქრობ, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარებისა და გაძლიერებისთვის დეცენტრალიზაციის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. სხვა შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ იქნება დამოუკიდებელი, თუმცა კონკრეტული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. განვითარებას ასევე განაპირობებს ფინანსები, მაგრამ ვფიქრობ, სწორი ნაბიჯების გადადგმითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ეს საკითხი მოგვარებადია.
ვისურვებდი, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ კვლევაზე დაფუძნებული, რეალური სტრატეგიული გეგმა, მრავალფეროვანი მიმართულებებით, რომელიც სწორად ასახავდა მუნიციპალიტეტის განვითარების ეტაპებს და რომელშიც იქნებოდა კვალიფიციური ექსპერტების რჩევები ურბანულ განვითარებაზე, გარემოსდაცვით საკითხებზე, ტურისტულ თუ სხვა კონცეფციებზე.
თქვენს მუნიციპალიტეტში არსებულ რა კონკრეტულ პრობლემებს გადაჭრიდით პოლონეთში დამკვიდრებული ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის სტრატეგიების გამოყენებით?
მაგალითად, გარემოს დაცვის მიმართულებით გამოვყოფდი ნარჩენების სეპარირებას. ამ ეტაპზე თანამედროვე ნაგავსაყრელი არ გვაქვს, თუმცა ცნობიერების ამაღლების კამპანიები მაინც საჭიროა. ასევე გამოვყოფდი მზის პანელების დაყენებას. ისინი ძალიან ბევრგან ვნახე, როგორც კერძო სახლებზე, ისე სახელმწიფო შენობებზეც. გარდა ამისა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის სოციალური სახლების გახსნა.
საქართველოსთან დაკავშირებული რა რელევანტური საკითხები განიხილეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას?
გარემოსდაცვითი საკითხები და ენერგო ეფექტურობის პოლიტიკა, სოციალური სახლები და შშმ პირთა რესოციალიზაცია, საბავშვო ბაღების განვითარება, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა და ა.შ. ასევე განვიხილეთ მუნიციპალიტეტების დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნება, რაც, მაგალითად, საქართველოში არ არის, რადგან აქ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან გაიცემა თანხა. საინტერესო რეალობა აღმოვაჩინე. ყველა საჯარო ცენტრით შეეძლო მოსახლეობის ყველა ჯგუფს ესარგებლა. არ იყო განსხვავება, რომ, დავუშვათ, აქ მხოლოდ ახალგაზრდები ან მხოლოდ ხანდაზმულები უნდა იყვნენ. მაგალითად, სოლეც კუიავსკიში არსებული კულტურის სახლი, სპორტ კომპლექსი, ბიბლიოთეკა და სხვა სახის დაწესებულებები მორგებული და ადაპტირებული იყო ყველა ადამიანზე.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეთ პოლონელ კოლეგებთან?
თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე აქტიურად ვესაუბრეთ პოლონელ მასპინძლებს. განვიხილეთ სტრატეგიული გეგმების გაწერის დანერგვა, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები
და კულტურა (მაგალითად, ქორეოგრაფიული წრეები, სპორტული ღონისძიებები და ა.შ.). ჩემი პირადი აზრია, რომ ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ქალაქებთან დამეგობრება. ჩვენი პოლონელი კოლეგები მზად არიან სამომავლო გეგმების ერთობლივ განხორციელებაზე და გამოცდილების გაზიარებაზე. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველებმა, მოვინდომოთ და ისინიც არ დაგვზარდებიან.
როგორ თანამშრომლობს პოლონეთში ადგილობრივი ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რით განსხვავდება თანამშრომლობის ეს ფორმა/ფორმები საქართველოში არსებულისგან?
ეს ჩემი საყვარელი საკითხია. პოლონეთში მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში აქვთ გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რასაც კანონი არეგულირებს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მთლიანი ბიუჯეტის 1% შეადგენს არასამთავრობო სექტორის დაფინანსებისთვის განკუთვნილ თანხას. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ არის. მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წელს ჩვენი ორგანიზაციის „თოლისკური“ და პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრის ადვოკატირებით მიიღო პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების წესი და ბიუჯეტში გამოიყო 12 000 ლარი.
პოლონური გამოცდილების საფუძველზე, როგორ შეიძლება წავახალისოთ ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?
როგორც უკვე აღვნიშნე, როგორც პოლონეთში არის, ისევე აქაც ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ყველა ცენტრით სარგებლობა, რომ მას გაუჩნდეს და იგრძნოს მიკუთვნებულობის გრძნობა. სიტყვები „არ შეიძლება“ ნეგატიურ ემოციებს იწვევს და ახალგაზრდები დემოტივირებულები ხდებიან.
რა შეიძლება გააკეთოს უშუალოდ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომ ახალგაზრდები უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?
ნებისმიერ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს წვდომა სხვადასხვა სერვისებზე, უნდა იყოს დანერგილი პროფესიული ორიენტაციის, არაფორმალური განათლების, მეწარმეობის, ტექნოლოგიური და სხვა კლუბები, რომლებშიც ახალგაზრდები თავიანთი ინტერესების მიხედვით ჩაერთვებიან. ასეთი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა შედეგს, რომელიც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტზე. მსგავსი მიდგომის შემთხვევაში, შესაძლებელია ახალგაზრდები უფრო მოტივირებულნი იყვნენ, დაბრუნდნენ მუნიციპალიტეტში და მიგრაციაც შემცირდეს. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას ადრეული ასაკიდანვე, სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და დასაქმებას. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ერთჯერადი, შედეგზე არა-ორიენტირებული აქტივობები.
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებშიც მოხდეს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება?
უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. World Vision Georgia-სთან თანამშრომლობით, ხობში დავაფუძნეთ ხობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ახორციელებს. ხდება პატარა ასაკიდანვე მოხალისეობრივი საქმიანობების გაცნობა, რომ შემდგომ, ასაკის მატებასთან ერთად, თავად დამოუკიდებლად ჩაერთონ მსგავს აქტივობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიახლეების მიღება ზრდასრულ ადამიანს უჭირს, რა თქმა უნდა, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ.
თქვენი აზრით, რომელია ის პოლონური პრაქტიკა/პრაქტიკები, რომლის დანერგვაც შეუწყობდა ხელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას?
ჩემი აზრით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ხელს შეუწყობდა სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვა. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვით მოქალაქეები არჩევნების გზით თავად ირჩევენ კონკრეტული პრობლემების გადაჭრას. შესაბამისად, მოსახლეობა კმაყოფილია და ნდობა უჩნდება ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
პოლონურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რამდენად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური ფუნქციონირებისთვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, დეცენტრალიზაციის გარეშე მუნიციპალიტეტების განვითარება ძნელდება და საქმიანობაც ნაკლებად ხარისხიანი და ეფექტური ხდება. მუნიციპალიტეტს მუდმივად არ უნდა უწევდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ბიუროკრატიული პროცესების გავლა ბევრ საკითხთან დაკავშირებით.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაეცანით თუ არა რაიმე მიმდინარე პროგრამებს, რომელთა განხორციელებასაც მოისურვებდით თქვენს მუნიციპალიტეტში?
ჩემს მუნიციპალიტეტში ვისურვებდი სოციალური სახლების გახსნას, სადაც სხვადასხვა ადამიანები, როგორც კვალიფიციური კადრები, ეწევიან მათზე მორგებულ საქმიანობას. მრავალფეროვანი სოციალური სახლების ნახვამ პოლონეთში ნამდვილად გამაოცა. იქ ყველაფერი ხდებოდა უფლებებზე დაფუძნებული სერვისის საშუალებით და იქ მომუშავე პერსონალისგან არ იგრძნობოდა შეცოდება განსხვავებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ, ისინი ყველას ექცეოდნენ თანასწორად. ერთ ქალაქში იყო სამი სოციალური სახლი, რომელიც მორგებული იყო ყველა საჭიროების მქონე ადამიანზე. ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანიც იყო ამ სოციალურ სახლში, ისინი იქ მუშაობდნენ და ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც შემდგომ გამოფენა-გაყიდვებზე გაჰქონდათ. ჩემს მუნიციპალიტეტში არ არსებობს სოციალური სახლები, მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ცენტრი და სოციალური სასადილო ხანდაზმულებისთვის. ჩემს მუნიციპალიტეტში არ არსებობს დასაქმების სერვისი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, ისინი მთელ სიცოცხლეს სახლში ატარებენ და ასოციალურები არიან. სწორედ ეს ნეგატიური ფაქტები რომ არ იყოს, მსურს, ჩემს მუნიციპალიტეტშიც ვიხილო სოციალური სახლები.
თქვენი აზრით, როგორ დაგეხმარებათ სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება თქვენს საქმიანობაში?
სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება დამეხმარება როგორც ჩემი ორგანიზაციის, ისე ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, რაც მე მომეწონა პოლონეთში იყო ის, რომ ყველაფერი შედეგზე არის გათვლილი და ორიენტირებულია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, თითქმის ყველა პრობლემა კვლევით არის გამყარებული.
რა თქმა უნდა, მაქვს სამომავლო გეგმები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ უახლოეს მომავალში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვანცა წარმოადგენს „სოლიდარობის ფონდ პლ საქართველოს“ პროექტის „მონაწილეობის აკადემია“ ერთ-ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულს. „მონაწილეობის აკადემია“ არის ინტერაქტიული და მოქმედი სასწავლო ციკლი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტიურ მოქალაქეებს, რათა გაეცნონ საზოგადოების ჩართულობის სხვადასხვა გზებს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ პროცესებში ადგილობრივ დონეზე. დამატებითი ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ აქ: https://participatoryhub.ge/ka/academy-of-participation.
გარდა ამისა, თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს (https://www.facebook.com/solidarityfund.ge), რათა შეიტყოთ, თუ როდის დაიწყება განაცხადების მიღებას „მონაწილეობის აკადემია“ 2023-სთვის.