ავტორის /ავტორთა სახელი/ები:

ნატალია პაპასკირი, თათია გეთია, სანდრო სორდია, გიორგი ჩიქოვანი

პროექტის ადგილმდებარეობა / სამიზნე მუნიციპალიტეტი:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ამოცანები:

ა. ვებ-გვერდის, ე.წ ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც ჩაშენდება/ინტეგრირდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ელექტრონულად ჩართულობისთვის საჭირო ყველა მექანიზმი;

ბ. ონლაინ პლატფორმის შემუშავებაში პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური მონაწილეობის მექანიზმების განვითარება;

გ. მოსახლეობის თანაბარი წვდომა საჭირო რესურსებზე;

დ. ხელისუფელბასა და მოსახლეობას შორის სანდოობის ხარისხის გაუმჯობესება.

საპროექტო იდეის / კონცეფციის მოკლე აღწერა (აღწერეთ რის გაკეთებას ან რა ქმედებების განხორციელებას აპირებთ დასახული მიზნის მისაღწევად?):

I ეტაპი: მომზადების ეტაპი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროექტის მიზანია მოსახელეობის ჩართულობის გაზრდა მმართველობაში, მნიშვნელოვანია, რომ საწყის, ანუ მომზადების ეტაპზე უზრუნველვყოთ მათი ჩართულობა ფოკუს ჯგუფებში, სადაც წარმოდგენილი იქნება დიაგნოზის ეტაპზე გამოკვეთილი სეგმენტების წარმომადგენლები. ჩატარდება გონებრივი იერიში, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ონლაინ პლატფორმა, რა სახის ფუნქციების ინტეგრირებას ისურვებდნენ და რა სერვისებს დაამატებდნენ.

II ეტაპი: შედეგების ანალიზი/დამუშავება და რამდენიმე Demo ვერსიის შექმნა.

III ეტაპი: პრეზენტაცია/ხმის მიცემა (ჩართულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეარჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტი).

IV ეტაპი: დიაგნოზის დროს გამოკვეთილი სეგმენტებიდან ლიდერის შერჩევა/დატრენინგება პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით.

V ეტაპი: კასკადური ტრეინინგები, სადაც სეგმენტის ლიდერები გადაამზადებენ თავიანთ თემში/სოციუმში არსებულ პირებს (ინსტრუმენტი სამუშაო ჯგუფები).

VI ეტაპი: follow up სესიები გადამზადების შესაფასებლად (სამუშაო ჯგუფები).

VII ეტაპი: ვებ–გვერდის სრული ვერსიის ტესტირება შესაბამისი ტესტერების მიერ და საბოლოო ვერსიის ჩაშვება.

VIII ეტაპი: პროექტი ითვალისწინებს კვარტალურ და წლიურ მონიტორინგს.

როგორ იყენებს საპროექტო იდეა /კონცეფცია „მონაწილეობის აკადემის“ პროცესში მიღებულ ცოდნას (გარკვევით ახსენით „მონაწილეობის აკადემიის“ სესიები და თემები):

ონლაინ პლატფორმის “ვმართოთ ერთად” იდეის განსახორციელებლად გუნდისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის სესია, რომელიც ჩატარდა პროექტის ფარგლებში, თუმცა პროექტის ხასიათიდან გამომდინარე გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს, მაგალითად: დიალოგის პლატფორმები. ამ სესიის ფარგლებში გავეცანით ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას ონლაინ პლატფორმებთან დაკავშირებით, მის მახასიათებელს, ფუნქციურ შესაძლებლობებს, მოდულებსა და კომპონენტებს. სესია პროექტის წერა და ფონდების მოძიება – სესიის ფარგლებში მიღებული ცოდნა დაგვეხმარა სწორი ხედვები ჩამოგვეყალიბებინა პროექტის წერის დროს, გვქონოდა გაზომვადი მიზნები (პრობლემების ხის დახმარებით), ზუსტი ამოცანები და სწორად გაწერილი აქტივობები. გარდა ამისა, ფონდების ნაწილში შევძელით დაგვენახა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო პოტენციური პარტნიორი თემის არსიდან გამომდინარე. ასევე, ვფიქრობთ, ტრენერის პრაქტიკული გამოცდილება ბიუჯეტის გაწერასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჯგუფისთვის.

როგორ უზრუნველყოფთ, რომ პროექტი იყოს მრავალ-სექტორული:

ერთის მხრივ, უკვე სახეზე გვყავს მხარეთა ერთი ჯგუფი – მერია/საკრებულო, რომლის ინტერესშიცაა ჩართულობის ელექტრონული მექანიზმის შექმნა; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც არაერთხელ გაუციათ რეკომენდაციები ჩართულობის ახალი მექანიზმების შექმნის მოთხოვნით. რაც შეეხება სხვა მხარეებს, მოხდება ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება და მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებს ნებისმიერ პირთან, ვინც გამოთქვამს თანამშრომლობის სურვლის. შესაბამისად, ჩვენი პროექტი ჩანასახშივე, დაინტერესებულ მხარეთა სიმრავლის გათვალისწინებით (სამოქალაქო სექტორი/მოსახლეობა) მრავალსექტორულია. მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ დაინტერესებულ/ჩართულ სექტორებს:

• ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (საკრებულო და მერია);

• მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;

• ადგილობრივი მოსახლეობის შესაბამისი სეგმენტები;

• თემის ლიდერები, რომელთა ინტერესშია ჩართულობის ახალი მექანიზმები დამკვიდრება;

• სხვა ნებისმიერ დაინტერესებული პირი.

რა იქნება თქვენი ინდივიდუალური ან ჯგუფის საკუთარი წვლილი? ფინანსური, არაფინანსური:

ჯგუფის თითოეული წევრი ჩართულია პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე. ზემოთ აღნიშნული ეტაპები არის გადანაწილებული ჯგუფის წევრების ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილი არის არაფინანსური კონტრიბუცია.

რა იქნება მესამე მხარის წვლილი? საკრებულო / მუნიციპალიტეტი (ფინანსური /არაფინანსური); ბიზნესი (ფინანსური /არაფინანსური); სხვა (ფინანსური /არაფინანსური):

რესურსად უნდა განვხილოთ ის ორგანიზაცია, კომპანია, ვინც უზრუნველყოფს ვებ-გვერდის შექმნას, მის ტექნიკურ გამართვას და საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების დატრენინგებას ვებ-გვერდის მართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მხრიდან გაღებული წვლილი იქნება როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური.

ვინ ჩაერთვება განხორციელების ეტაპზე:

განხორცილების ეტაპზე ჩაერთვება ყველა დაინტერესებული პირი:

• ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (საკრებულო და მერია);

• მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;

• ადგილობრივი მოსახლეობის შესაბამისი სეგმენტები;

• თემის ლიდერები, რომელთა ინტერესშია ჩართულობის ახალი მექანიზმები დამკვიდრება;

• სხვა ნებისმიერ დაინტერესებული პირი და აუცილებლად ჯგუფის თითოეული წევრი.

ვინ იქნებიან პროექტის საბოლოო ბენეფიციარები. რა სარგებლობას მოიტანს პროექტი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის / ქალაქისთვის / თემისთვის / სამეზობლოსთვის? რა დარჩება ადგილზე პროექტის შესრულების შემდეგ:

პროექტის სამიზნე ჯგუფად უნდა განვიხილოთ მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობა (105 509), პირველ რიგში კი ამომრჩევლები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წყარო და ზუგდიდში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელები, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების წყარო.

• 14-29 წლამდე ახალგაზრდები (ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისათვის);

• საშუალო ასაკის ადამიანები;

• ხანდაზმულები;

• მრავალშვილიანი ოჯახები;

• დევნილები;

• სოციალურად დაუცველი პირები;

• შშმ პირები;

• სპეციალური საჭიროების მქონე პირები.

ინფორმაცია პროექტის ხანგრძლივობის შესახებ:

პროექტის განხორციელების ვადა განსაზღვრულია 2 წლით. ამ დროის განმავლობაში მუდმივად მოხდება მონიტორინგი მოსახლეობის ჩართულობის დონის გასაზომად. რაც შეეხება თავად განხორციელებულ პროექტს, ანუ მიღებულ პროდუქტს, “ონლაინ პლატფორმას”, იგი სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდება და მიზნად ისახავს მხოლოდ საჭირო ვარიაციებს ქვეყანაში და საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ.

ბიუჯეტი:

პროექტის საერთო ხარჯი მოიცავს 43 960 ლარს, საიდანაც საკრებულოს კონტრიბუცია შეადგენს 37 860 ლარს (არაპირდაპირი ფინანსური რესურსი). პროექტის განხორციელებისთვის გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი თანხა შეადგენს 2 000 დოლარს (ექვივალენტი ლარში). დეტალური ხარჯთაღრიცხვა იხილეთ თანდართულ ფაილში.

შეაფასე პროექტი