“ჩემი საქართველო – ჩემი სამოქალაქო ბიუჯეტი”

მარნეული

მარნეულის რაიონი, სოფელი წითელისოფელი

სოფელ წითელსოფელს სპეციალურად ღამე ვესტუმრეთ, რომ გვენახა არამ აკოფიანის ინიციატივის შედეგი. განათებულ და მოასფალტებულ გზას გავუყევით და არამის სახლს მივადექით.

„საკუთარ მამასაც კი არ სჯეროდა, რომ რაღაც გამოვიდოდა“,  – ღიმილით გვხვდება მასპინძელი. სახეზე აშკარად კმაყოფილება აწერია.

ამბავი კი ასე იწყება: არამ  აკოფიანი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაცია ოლღა ენდელაძისგან მიიღო. ენდელაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის  „სოლიდარობის ფონდი PL  საქართველოში“ კოორდინატორია მარნეულსა და სიღნაღში.

„ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციებისა და ტრენინგების შემდეგ შესანიშნავი გუნდი შეიქმნა, ინიციატივიანი მოქალაქეების, მათ შორის, რა თქმა უნდა, არამია“-ამბობს ოლღა.

„ძალიან მინდოდა სოფელს ჰქონოდა სტადიონი, ასფალტის საფარი, გარეგანათება; როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობდი, მთელი სოფელი ირონიულად მიყურებდა… თუმცა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად სპეციალური ტრენინგები გავიარე ორგანიზაციის “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ დახმარებით, თუ როგორ დავწერო პროექტი, როგორ მოვითხოვო თანხა „სამოქალაქო ბიუჯეტიდან“ და საქმეს შევუდექი. სოფლელებმა არც მაშინ დამიჯერეს, როდესაც იქ მუნიციპალიტეტის ხალხი გამოჩნდა, არც  მაშინ, როდესაც გარე განათების ბოძების მონტაჟი დაიწყო, მერე  პლაფონების. იძახდნენ არ აინთებაო“ – სიცილით იხსენებს არამი. „130 წელი არსებობს ეს  სოფელი და შუქი არასოდეს არ ყოფილა გარეთ, ამას ვინ წარმოიდგენდა“?

ერთ მშვენიერ დღესაც გარეგანათება აინთო. პირველ ეტაპზე მხოლოდ ცენტრში, შემდეგ კი ბოძები გაკეთდა ჩიხებშიც.

სოფლელების სკეპტიციზმი უფრო შეიცვალა, როდესაც არამმა თანამოაზრეებთან ერთად ასფალტის საფარის დაგება მოისურვა წითელსოფელში. „სკოლაში რომ დავდიოდი, წვიმის  დროს სულ გატალახებული შევდიოდი… ჰოდა,  გადავწყვიტეთ, რომ ასფალტის საფარი სკოლამდე მიიყვანონ პირველ ეტაპზე, მაგრამ ცოტა მეტიც გამოვიდა“.

მომავალ წელს სოფლელები სტადიონის განახლებასა და სკვერის აშენებას აპირებენ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დახმარებით.

„მე საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ვარ. სოფელში გოგონების გუნდიც კი გვყავს და სტადიონი ძალიან გვჭირდება. ასევე, საჭიროა ტრენაჟორების მოწყობა გარესივრცეში, ეს ხომ ახალგაზრდებისთვის სტიმულად იქცევა? – გვეუბნება არამი.

– სოფ. მარადისი –

ახლა კი იმ სოფელს ვესტუმროთ, სადაც თემი აქტიურ მონაწილეობას იღებს სოფლის განვითარებაში.

ერთ მშვენიერ  დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, გოჩა პაქსაძემ, გადაწყვიტა, იმ სკოლასთან ახლოს, სადაც მისი შვილები სწავლობენ, მოეწყო სკვერი. ზუსტად იქ, სადაც ნაგავსაყრელი იყო. გოჩამ პირადად დაიწყო დაიწყო ტერიტორიის გასუფთავება, აიყოლია შვილები და სხვა თანასოფლელები. შემდეგი ეტაპი კი „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ პროექტის შედგენა გახდა. და აი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო სკვერის მოწყობისთვის.

„აი, სკამები, საქანელები. არ ვჩერდებით, თანხა ავითვისეთ და საკუთარი ძალებით, საკუთარი სახსრებით დავიწყეთ სკვერის გამწვანება. აქაურობა იმდენად ლამაზი და მიმზიდველია, რომ სასკოლო შეხვედრები და  ღონისძიებები ტარდება ამ ადგილას“.

“წარმატება გადამდებია – „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ყველა ჩვენგანის ხელშია! საქართველოს კარგი პრაქტიკები”

სოფ. ქვემო მაჩხაანი –

„დიდი დამსახურება ამ პროექტის რეალიზაციაში ეკუთვნის მერის  მოადგილეს, მადონა ბატიაშვილს, რომელმაც ეს პროექტი კატასტროფების პრევენციის პროგრამაში ჩაასმევინა. ანუ, სანიაღვრე სისტემა მოეწყო. პროგრამით „სამოქალაქო ბიუჯეტი“ კიდევ სხვადასხვა პროექტები განხორციელდება, – გვეუნება ოლღა.

„ძალიან პოზიტიური სოფელია, ბავშვები კი ნამდვილი აქტივისტები არიან. ქვეყნის მომავალი სწორედ აქტიური მოქალაქეების ხელშა. აი, მაგალითად, აგრძელებს ოლღა, სიღნაღის რაიონის სოფელ მაჩხაანში, ფანიანის უბანში ახალგაზრდების ჩართულობით ძალიან საინტერესო მოვლენები მოხდა.

ფანიანში, წვიმის  დროს წყალი შედიოდა სახლებში და 8-9 ოჯახი ზიანდებოდა. ეს ხალხი სანიაღვრე არხს ითხოვდა, რომელიც 80 000 ლარი ჯდებოდა. ამ პატარა ქუჩისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა. შეხვედრებზე, სადაც პროექტები იხილებოდა, ახალგაზრდები სპორტული მოედნებისა და სკვერების გაკეთებას ითხოვდნენ. „ჩვენ გვჭირდება მომავალი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ადგილი“, – ამბობდნენ ისინი. და ადგილობრივი მოქალაქეების და ხელისუფლების ჯანსაღი თანამშრომლობის შედეგად გამოსავალი მოიძებნა.