მოხარულნი ვართ, გაგიზიაროთ ინტერვიუ ქალბატონ ნანა თავდუმაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსთან, რომელიც გახლავთ „სოლიდარობის ფონდ პლ საქართველოს“ პროექტის „მონაწილეობის აკადემია“ წარმატებული კურსდამთავრებული. გარდა ამისა, ნანა წარმოადგენს „ინდივიდუალური სერტიფიცირების“ პროგრამის გამარჯვებულს. სწორედ ამ გამარჯვებამ მისცა მას შესაძლებლობა 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებულიყო პოლონეთში. ინტერვიუს ფარგლებში, ნანამ გაგვიზიარა ვიზიტით მიღებული შთაბეჭდილებები, გამოცდილება და ცოდნა.
– მოგვიყევით იმის შესახებ, თუ როგორ მოგეცათ პოლონეთში სასწავლო ვიზიტით წასვლის შესაძლებლობა.
უპირველესად, მსურს, მადლობა გადავუხადო ორგანიზაციას „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში“, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, როგორც „მონაწილეობის აკადემიის“ პირველი გამოშვების წარმატებულ კურსდამთავრებულს, მემოგზაურა პოლონეთში, გავცნობოდი საუკეთესო პრაქტიკებს და გამეზიარებინა ადგილობრივი გამოცდილება.
ზოგადად, „მონაწილეობის აკადემიის“ წარმატებით დასრულება, „ინდივიდუალური სერტიფიცირება“, მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციები და ჩემი კომპეტენციების მაღალ დონეზე შეფასება სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის საფუძველი გახდა.
ვთვლი, რომ პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან სხვადასხვა პროექტებში თანამშრომლობამ განსაკუთრებით პოზიტიური შედეგები მოიტანა, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ასევე პიროვნული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში ჩემი როლისა და შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისითაც.
– გაგვიზიარეთ ის შთაბეჭდილებები, რაც სოლეც კუიავსკიში ვიზიტმა დაგიტოვათ, კუიავო-პომერანიის სავოევოდოში (რეგიონში).
ვიზიტის მიზანი სხვადასხვა დონეზე პოლონეთის თვითმმართველობის საქმიანობისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაწეული საჯარო სერვისების გაცნობა გახლდათ. აგრეთვე ვიზიტი ითვალისწინებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვის ინოვაციური მეთოდების გაცნობას. ასე რომ, მიზნების შესაბამისად, ორგანიზატორების მიერ შემოთავზებული იყო საკმაოდ დატვირთული, შინაარსიანი და მრავალმხრივი პროგრამა.
კუიავო-პომერანიის სავოევოდოში, სოლეც კუიავსკის, ბიდგოშჩისა და ტორუნის მაგალითებზე შესაძლებლობა გვქონდა, განგვეხილა პოლონეთის თვითმართველობის სტრუქტურა. ასევე, გავცნობოდით გმინის (მუნიციპალიტეტის, პირველადი თვითმმართველი ერთეული პოლონეთში), პოვიატისა (მეორე დონის თვითმმართველობის ერთეული, რომელიც აერთინებს გმინებს) და, ზოგადად, სავოევოდოს (ადმინისტრაციული დაყოფის მესამე საფეხური, რომელიც აერთიანებს პოვიატებს) საქმიანობის ფარგლებს, მათ კომპეტენციებს და, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, გვემსჯელა პოლონეთში დეცენტრალიზაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.
ტორუნში გვიმასპინძლა მარშალის ოფისმა. ვისაუბრეთ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, განხორციელებულ პროექტებსა და სექტორული თანამშრომლობის მაგალითებზე.
ბიდგოშჩის მერიაში გავეცანით სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების ეტაპებს. ჩვენ კი მასპინძლებს გავაცანით საქართველოში არსებული და გასათვალისწინებელი მაგალითები მოქალაქეთა მონაწილეობისა და მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ. ვიმსჯელეთ ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზეც.
გარდა ამისა, გავეცანით ბიდგოშჩში არსებულ შშმ პირთა დახმარების ფორმებსა და სოციალურ პროგრამებს.
საგულისხმოა, რომ აქტიურად და ეფექტურად მუშაობენ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. მაგალითად, ჯგუფი “Trzy Doliny” გადეცში მოიცავს პოვიატის 7 კომუნის საქმიანობას და ეფექტურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
დავინტერესდით სოლეც კუიავსკის მერიის ხანდაზმულთა და შშმ პირებისათვის გაწეული სერვისებით. ვიმყოფებოდით სოციალურ სახლებში, გვქონდა ემოციური და საინტერესო შეხვედრები.
სოლეც კუიავსკის განვითარების ასოციაციაში ბავშვებისა და ახალგაზრდების სასტიპენდიო ფონდის განხორციელებულ აქტივობებზე, თემატურ კონკურსებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე გვიამბეს.
– თქვენ ახსენეთ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები და მაგალითად მოიყვანეთ Trzy Doliny გადეცში. თუ შეიძლება, უფრო მეტი მოგვიყევით მათი საქმიანობის შესახებ.
ორგანიზაცია ბიდგოშჩის პოვიატის 7 გმინას აერთიანებს. ორგანიზაციის დირექტორ ლეშეკ კუზიაკთან ერთად მოვინახულეთ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები, მათ შორის პარკები, სკვერები, სპა-ცენტრი და სხვა. Trzy Doliny-ს საქმიანობა წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, ერთობლივი ძალისხმევით საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა და კონკურსის წესით საჭირო დაფინანსების მიღება.
– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების აქტიურობა მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის?
მუნიციპალიტეტის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული მოქალაქეთა აქტიურობასა და ჩართულობაზე. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები ამის კარგ მაგალითს წარმოადგენენ. იმედია, ჩვენს მუნიციპალიტეტებშიც შეიქმნება მსგავსი ჯგუფები.
– როდესაც გაეცანით პოლონურ გამოცდილებას, რა აღმოჩნდა თქვენთვის მთავარი სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებაში?
სასწავლო ვიზიტის დატვირთული დღის წესრიგი ითვალისწინებდა შეხვედრებს თვითმართველობების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, თვითმართველობის პოლონური მოდელი განსხვავდება საქართველოს მოდელისაგან, ამდენად, მნიშვნელოვან სიახლეს და გამოცდილებას წარმოადგენდა, როდესაც გავეცანით პოლონეთში ადგილობრივი თვითმართველობის დონეებს შორის უფლებამოსილების გადანაწილებას, მათ შორის კომპეტენციების გამიჯვნასა და საქმიანობის ფარგლებს. მაგალითად, გმინა, როგორც თვითმართველობის საბაზისო ერთეული, ყველა იმ ფუნქციას ასრულებს, რაც სხვა ორგანოების კომპეტენციაში არ შედის. ასევე, გამოვყოფდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობებთან. აქ განსხვავებული რეგულაციები და თანამონაწილეობის ღირებული პრაქტიკებია, რომელთა გაზიარებაც და ადგილობრივ კონტექსტთან მორგება, ვფიქრობ, თანაბარ სარგებელს მოუტანდა მონაწილე მხარეებს.
– თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პოლონეთში დამკვიდრებული ადგილობრივი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის სტრატეგიები თქვენს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად?
ამ მხრივ დავასახელებდი სტრატეგიული დოკუმენტების შექმნის აუცილებლობას. ცხადია, ინსტიტუციონალიზაციის პროცესი ვერ განხორციელდება შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების გარეშე. ვფიქრობ, განვითარების გეგმების, მათ შორის ურბანული დაგეგმარების კარგი პრაქტიკის გაზიარება, მუნიციპალიტეტს, როგორც საჯარო სერვისების მიმწოდებელ ორგანოს, მნიშვნელოვნად დაეხმარება. იმედი მაქვს, პოლონელი კოლეგებისა და ექსპერტების დახმარებით, შევძლებთ მსგავს დოკუმენტებზე მუშაობას, რაც დაფუძნებული იქნება თანამონაწილეობით პროცესებზე.
აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულთბილ მასპინძელს, სოლეც კუაიავსკის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელს, ელჟბიეტა ვისოცკას, რომელიც მზადაა დაგვეხმაროს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის შექმნაში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯი იქნება დოკუმენტის შექმნისა და მისი ინსტიტუციონალიზაციისთვის.
– საქართველოსთვის რელევანტური რა საკითხები განიხილეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას?
საბიუჯეტო პროგრამების განხორციელება, საჯარო სერვისების ეფექტურად მიწოდება, სექტორებს შორის თანამშრომლობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მიდგომები და მმართველობის მოდიფიცირება, გამოწვევებზე რეაგირება, მომსახურების ხარისხის შეფასება და მოქალაქეთა კმაყოფილების განსაზღვრა – ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც გავამახვილეთ ყურადღება კოლეგებთან შეხვედრებზე.
– სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეთ პოლონელ კოლეგებთან?
როგორც აღვნიშნე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები სტრატეგიული დაგეგმარებისა და სხვა სფეროების მიმართულებით. მათ შორის გაცვლით პროგრამებში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართვა და ტურის ორგანიზება მათი კომპეტენციის შესაბამისად. გარდა ამისა, განვიხილეთ კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალური პროექტების ერთობლივი განხორციელება და სხვა საკითხები.
– როგორ თანამშრომლობს პოლონეთში ადგილობრივი ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რით განსხვავდება თანამშრომლობის ეს ფორმა/ფორმები საქართველოში არსებულისაგან?
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ თვითმმართველობებთან. თანამშრომლობის ფორმები მოიცავს საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას, მოქალაქეთა ჩართულობის კამპანიებსა და ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმების გამოყენებას. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, პოლონეთისგან განსხვავებით, საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკები თითქმის არ არსებობს, რაც ერთის მხრივ მოქმედ კანონმდებლობას უკავშირდება.
პოლონეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ თვითმმართველობისგან დაფინანსება გარკვეულ საჯარო ამოცანათა შესრულების მიზნით. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით საინტერესო და გასათვალისწინებელი მაგალითები არსებობს. თვითმმართველობა ხშირ შემთხვევაში თავად ხდება ასეთი ორგანიზაციების დამფუძნებელი და წარმატებით ახორციელებს პროექტებს. საგულისხმოა, რომ დაფინანსება, კონკურსის პრინციპით, ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხის მიხედვით ხორციელდება.
აქ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია. ვფიქრობ, ამ მოდელის ადგილობრივ კონტექსტთან მორგება და რეალობასთან ადაპტირება ჩვენს მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემდა გაცილებით ეფექტურად გადაეწყვიტათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რითაც ასევე დაიზოგებოდა, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსები.
– პოლონური გამოცდილების საფუძველზე, როგორ შეიძლება წავახალისოთ ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?
ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად გამოწვევებით სავსე პროცესია. თუ პოლონეთის მაგალითზე ვიმსჯელებთ, აქ პროცესი იწყება საჯარო სერვისების ინიცირებიდან მათ მიწოდებამდე, ამიტომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ იყვნენ თანაავტორები მათთვის განკუთვნილ აქციებსა და ღონისძიებებში. ამ მხრივ საინტერესოა სასკოლო ბიუჯეტირება. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და მათ ინტერესებზე მორგებული საბიუჯეტო პროგრამების შემუშავება.
– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, მოხდეს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება საქართველოს მუნიციპალიტეტებში?
ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე სხვადასხვა გადაწყვეტილება, სწორედ ახალგაზრდების ჩართულობით მიიღებოდეს. მიზანშეწონილია თვითმართველობების ბიუჯეტების ფორმირების პროცესის დაწყებამდე ახალგაზრდების ინტერესებისა და მათი საჭიროებების კვლევა ჩატარდეს, რომელსაც დაეფუძნება ახალგაზრდული პროგრამები. აქვე ვიზიარებ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ასევე სასურველია ახალგაზრდების თვითგამოხატვის წახალისება ღია და გამჭვირვალე კონკურსის ფორმატით. ვგულისხმობ მათი ინიციატივებისა და იდეების ფინანსურ მხარდაჭერას, რითაც გამოვლინდება მათი სურვილები და ერთგვარი კვლევაც ჩატარდება. ამის მაგალითია „თვითმართველობა განათლებისთვის“, რომელსაც საბიუჯეტო პროგრამის სახე მიეცა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, თავად აირჩიონ მონაწილეობის ფორმები ან/და დაასახელონ ისინი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შემუშავებულია მიდგომები, რომლებსაც რელევანტური შედეგი უნდა მოჰყვეს.
– თუ შეიძლება, უფრო ვრცლად მოგვიყევით პროგრამა „თვითმმართველობა განათლებისთვის“ შესახებ.
„თვითმართველობა განათლებისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივაა, რომელიც რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს და მრავალი პარტნიორი ჰყავს. საპილოტე პროექტი მასშტაბურად გადაიქცა და სხვადასხვა მიმართულება გააერთიანა. ინიციატივის „თვითმმართველობა განათლებისთვის“ თავდაპირველი მიზანი შემდეგნაირად განისაზღვრა: „მოქალაქეობრივი ცნობიერების პროცესში სასკოლო (სამოქალაქო) განათლების ხელშეწყობაა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელების მიერ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული რესურსების გამოყენებით“. ინიციატია პროექტის სახით “ღია მმართველობა – პარტნიორობის” (OGP) ჯერ ეროვნულ და შემდეგ ლოკალურ გეგმებში ვალდებულებების სახით აისახა, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც აისახა და ახალგაზრდების თვითგამოხატვის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. სხვათაშორის, ეს პროექტი ნომინირებული იყო „მონაწილეობის აკადემიის“ კურსდამთავრებულთა კონკურსზეც. და ბოლოს, ამ პროექტის ქოლგის ქვეშ აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები მოსახლეობასთან. მათთვის ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების თუ მიმდინარე სიახლეების გასაცნობად. პროექტი უზრუნველყოფილია ელექტრონული ჩართულობის ინსტრუმეტებით და ამ გზით მიღებული უკუკავშირის საფუძველზე იხვეწება. დაცულია მთავარი პრინციპი, ანუ პროცესი თანამონაწილეობითია და მას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა აქვს.
– თქვენი აზრით, რომელია ის პოლონური პრაქტიკა/პრაქტიკები, რომლის დანერგვაც შეუწყობდა ხელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას?
ალბათ, დამეთანხმებით, ადგილობრივი თვითმართველობის განვითარებას უდავოდ შეუწყობს ხელს უკვე არსებული, აპრობირებული და ეფექტური მაგალითების გამოყენება და მათი ადგილობრივ რეალობასთან მისადაგება, რაც ნაკლები რესურსებით მეტი პოზიტიური შედეგის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
პოლონეთის თვითმმართველობებმა და საზოგადოებამ ის გზა გაიარეს, რომლის გავლაც ჩვენ ამჟამად გვიწევს. ეს პროცესი ემთხვევა გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის პოლიტიკური მმართველობის მოდიფიცირებას სხვადასხვა მიმართულებით. ცხადია, განხორციელებულმა რეფორმებმა პოლონეთში საინტერესო მაგალითები შექმნეს. განსაკუთრებით საყურადღებოა თანამონაწილეობაზე დაფუძნებული პრაქტიკები და, შესაბამისად, მათზე უნდა იყოს ფოკუსირება. ვფიქრობ, სტრატეგიული თუ ურბანული დაგეგმარების სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და სხვა კარგი პრაქტიკები გასათვალისწინებელია. რაც, თავის მხრივ, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის პრინციპების გათვალისწინებით შესაბამისი მართვის სტილსაც დაამკვიდრებს.
– პოლონურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რამდენად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური ფუნქციონირებისათვის?
თვითმართველობა პოლონეთში ორი დონითაა წარმოდგენილი: ადგილობრივი დონე – გმინა, პოვიატი (ასევე პოვიატი ქალაქის უფლებით) და რეგიონული დონე – თვითმართველი სავოევოდო. გმინას სამართლებრივი დამოუკიდებლობა გააჩნია. ადგილობრივი ხასიათის ყველა იმ საჯარო ფუნქციას ასრულებს, რომელიც სხვა ორგანოების კომპეტენციაში არ შედის. პოვიატის სფეროა, მაგალითად, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ჯანდაცვა, სოციალური სფერო. თვითმართველი სავოევოდო რეგიონულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს. განხორციელებულმა რეფორმება პოლონეთის თვითმართველობებს მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭა და განვითარების შესაძლებლობა მისცა. ამდენად, მიჩნეულია, რომ ადგილობრივი თვითმართველობა პოლონეთში არის დამოუკიდებელი. თვითმმართველ ერთეულთა საქმიანობის საზღვრები ქვეყნის კონსტიტუციაშია აღწერილი და უნიტარული მოწყობის პრინციპს ეყრდნობა. ცხადია, თვითმართველობის ეფექტური ფუნქციონირება დეცენტრალიზაციის ხარისხზე პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული. აღნიშნული თემა შედარებითი კვლევისა და ანალიტიკურ მსჯელობის საგანია.
– სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაეცანით თუ არა რაიმე მიმდინარე პროგრამებს, რომელთა განხორციელებასაც მოისურვებდით თქვენს მუნიციპალიტეტშიც?
სტრატეგიული გეგმების და ამოცანების დაგეგვა/განხორციელების მექანიზმს, შშმ პირთა დახმარებისა და ახლგაზრდების ჩართულობის პოლიტიკას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატს, სამოქალაქო ბიუჯეტირებას, საგანმანათლებლო და სოციალურ პროგრამებს… ვფიქრობ, ეს ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია.
– თქვენ არაერთხელ ახსენეთ ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის არსებული სოციალური პროგრამები და სერვისები, რომლებსაც გაეცანით თქვენი ვიზიტის ფარგლებში. თუ შეიძლება, უფრო ვრცლად მოგვიყევით მათ შესახებ.
მაგალითად, ბიდგოშჩის სოციალური დახმარების ცენტრი ახორციელებს შშმ პირთა დახმარების პროგრამას. პოვიატის თვითმართველობა, რეაბილიტაციის სახელმწიფო ფონდის სახსრების განკარგვის გზით, აფინანსებს შშმ პირთა სხვადასხვა აქტივობებს. ამ მიზნით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციისთვის ფონდებიდან გაცემის, თანადაფინანსებაზე განაცხადების განხილვისა და განხორციელების წესი. მაგალითად, თუ შშმ პირთა რეაბილიტაციის სახელმწიფო ფონდი აცხადებს კონსკურსს სარეაბილიტაციო აღჭურვილობის შესაძენად, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ კრიტერიუმებს. ასევე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრები. ჩვენ ვიმყოფებოდით ერთ-ერთ მათგანში, სადაც თბილი და ემოციური შეხვედრა მოგვიწყვეს. გავეცანით ბენეფიციარების შემოქმედებას. ისინი აქტიურად არიან ჩართულები საწარმოო პროცესში და ქმნიან საინტერესო პროდუქტებს, რომელთა რეალიზებასაც შემდგომში ახდენენ. სოციალური პროგრამები და სერვისები გაწერილია დეტალურად, მორგებულია საჭროებებს და შესაბამისად წარმატებით ხორციელდება.
– თქვენი აზრით, როგორ დაგეხმარებათ სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება თქვენს საქმიანობაში?
პოლონელ პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება მაკავშირებს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად დაწყებული საქმიანობის განვითარებამ ბევრი წარმატება მოიტანა. სასწავლო ვიზიტისას მიღებული პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისითაც, რომ ცოდნის განზოგადების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, ამბიციური გეგმებისა და საინტერესო საქმიანობის განხორცილების საშუალებას იძლევა.
და ბოლოს, სასწავლო ვიზიტის პროგრამა ადგილობრივი ღირსშესანიშნავი, უნიკალური ადგილების მონახულებას, მასტერკლასებს და ექსკურსიებს მოიცავდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულთბილ მასპინძლებს, რომელთა დახმარებით არაჩვეულებრივ გარემოში აღმოვჩნდით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნანა წარმოადგენს „სოლიდარობის ფონდ პლ საქართველოს“ პროექტის „მონაწილეობის აკადემიის“ ერთ-ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულს. „მონაწილეობის აკადემია“ არის ინტერაქტიული და მოქმედი სასწავლო ციკლი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და აქტიურ მოქალაქეებს, რათა გაეცნონ საზოგადოების ჩართულობის სხვადასხვა გზებს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ პროცესებში ადგილობრივ დონეზე. დამატებითი ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ აქ: https://participatoryhub.ge/ka/academy-of-participation.
გარდა ამისა, თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს (https://www.facebook.com/solidarityfund.ge), რათა შეიტყოთ, თუ როდის დავიწყებთ განაცხადების მიღებას „მონაწილეობის აკადემია“ 2023-სთვის.