“ჩემი საქართველო, ჩემი საზრუნავია – სამოქალაქო ბიუჯეტის კარგი პრაქტიკები – საქართველოს წარმატებისთვის”

ზუგდიდი

„სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ. ჩვენს უბანში 1 300 ოჯახი ცხოვრობს და თითქმის ყველა სახლში მივედით, ვარწმუნებდით, რომ ჩვენთვის დაეჭირათ მხარი. ბოლოს არჩევნებზე 1 400 ადამიანი მოვიდა და ჩვენ გავიმარჯვეთ“,- გვიყვება 75 წლის თამაზ ჩარკვიანი.

ეს ისტორია, რომელსაც ახლა კითხულობთ, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივ არჩევნებთან კავშირში არ არის. ზუგდიდელებმა არჩევნების გზით გადაწყვიტეს სანიაღვრე არხის მოწყობა.

წვიმის დროს აქაურობა უბედურების ზონას ჰგავდა. იტბორებოდა მთელი კვარტალი. პრობლემა კი წლების განმავლობაში ვერ გვარდებოდა. უამრავი საბუთით და განცხადებით სასვე ჩანთით თამაზი ინსტანციიდან ინსტანციაში უშედეგოდ დადიოდა.

სურათზე თამაზ ჩარკვიანი

„ქეთევან ესართია სწორედ იმ დროს  გავიცანი“, – აგრძელებს ამბის მოყოლას თამაზ ჩარკვიანი.

„პრობლემა მართლაც სერიოზულია, იქნებ პროექტი შეადგინოთ და „სამოქალაქო ბიუჯეტით“ მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა“, – შესთავაზა ესართიამ თამაზ ჩარკვიანს.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“, „პროექტის შედგენა“, „მოსახლეობის ფართო ჩართულობა“ – ეს უცნობი და გაუგებარი ტერმინები იყო. „რატომ უნდა ვიარო და ვაკეთო პროექტები მე, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ხელფასს ამ საკითხების გადაჭრისთვის იღებს?“

– ჩვენი აქტიურობითა და ჩართულობით  ხელისუფლება უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია“!

და სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის ახალი გზაც გამოჩნდა.

ქეთი ესართია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კოორდინატორია ზუგდიდში. მან პოლონური ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ მიერ დაარსებულ „პარტიციპაციის აკადემიაში“ სპეციალური სწავლება გაიარა. ფონდის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას თანამშრომლობასა და ურთიერთ ნდობის განმტკიცებაში, მაქსიმალურად გაზარდოს მოქალაქეების ჩართულობა პრობლემების მოსაგვარებლად და, შესაბამისად, ხელი შეუწყოს მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციას „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ნოყიერი ნიადაგი დახვდა დემოკრატიული მექანიზმების განვითარებისთვის. აქ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, დავით გახარიას, ეკუთვნის, რომელსაც მხარი აუბა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და, ამგვარად, „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილია. ეს ინსტრუმენტი სწორედ ფონდის დახმარებით დაინერგა. „სამოქალაქო ბიუჯეტიდან“ დაფინანსებას ის პროექტები იღებენ, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს.

ცენტრში ქეთევან ესართია. სამოქალაქო ბიუჯეტის განხილვა

და აი, თამაზ ჩარკვიანი ახალ გამოწვევას შეებრძოლა. „ყოველ ჩემს ნაბიჯს ვათანხმებდით ორგანიზაციასთან „სოლიდარობის  ფონდი PL საქართველოში“. დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, ვსწავლობდით როგორ დაგვეწერა პროექტი… ფონდი ამაში სრულად გვიჭერდა მხარს და შედეგიც სახეზეა. გავიმარჯვეთ და 160 000 ლარით ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა გვარდება. 2020 წლის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება – ამაყად გვეუბნება ჩარკვიანი.

სკვერი თამარ  მეფის ქუჩაზე

ბევრი კორპუსი, ავტოფარეხი და არცერთი სკვერი… ასეთი სურათი მთელი საქართველოს  პრობლემაა, არა მარტო ზუგდიდის. თუმცა  ინიციატივა გადამდებია, მით უმეტეს კარგი ინციატივა. „სამოქალაქო ბიუჯეტს“ ეს ნამდვილად აქვს.

ჩვენ „კომბინატის  დასახლებაში“ ვართ.  „ამ სკოლაში სწავლობს 21 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. სადაც ამ ლამაზ სკვერს ხედავთ, იქ  უფუნქციო ავტოფარეხები იყო“,  – გვიყვება ენგურის  უბნის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ფაცაცია.

„აქ  მცხოვრები მოქალაქეების ინციატივით, რომელშიც არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გავერთიანდით, უსახური ავტოფარეხები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ასე შეიცვალა“.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ წყალობით ზუგდიდში გაჩნდა საქანელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, – ენერგიულად გვიყვება სალომე ფაცაცია და სურს მთელი სათქმელი ერთ წინადადებაში ჩაატიოს.

„ხედავთ, სკვერში ლამაზად მოწყობილ ფანჩატურებს, სადაც წვიმიანი ან თოვლიანი  ამინდის დროს, ადამიანი შეძლებს დასვენებას. ღამის განათება კიდევ უფრო ლამაზს ხდის აქაურობას“, – ამბობს ფაცაცია.

ეზოს  კეთილმოწყობა

ზუგდიდელები ახალი სკვერის გაშენებისთვის ემზადებიან და, რაც მთავარია, პროექტსაც თვითონ ადგენენ. პროცესში თავიდან ბოლომდე ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. იდეის ავტორი ამხანაგობის თავჯდომარე, დალი ძიგუაა, რომელსაც მხარი მთელმა უბანმა აუბა.

„შევიკრიბეთ მეზობლები. აქ ბევრი ვცხოვრობთ, აი, დათვალეთ“ – აგრძელებს დალი: სამი კორპუსია და თითო კორპუსში მინიმუმ 50 ადამიანი. აქვეა დევნილების დასახლება,  სადღაც, 50 მეტრში. ახლა მოსახლეობა წყვეტს თუ სად უნდა გაკეთდეს ატრაქციონები  ბავშვებისათვის – სასრიალოები, საქანელები, ტრენაჟორები და ბილიკები. პენსიონერებისთვის სკამებს დავდგამთ. გვსურს სპეციალური ადგილი ჭადრაკის სათამაშოდაც მოვაწყოთ“.

პროექტის შედგენაში ორგანიზაციასთან „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ერთად მოსახლეობაც აქტიურადაა ჩაბმული

„ფერებსაც კი ჩვენ ვირჩევთ. პირველ ეტაპზე მოვახერხეთ და ჩავსვით პროექტი გამწვანების  პროგრამაში: – დავრგეთ ნეკერჩხლები, მარადმწვანე მუხები, კამელიები. ჩვენი ხელით  შევფუთეთ ხეები ზამთრისთვის, მეზობლებთან ერთად. ეს ეზო ზუგდიდის სავიზიტო ბარათი იქნება“, – იმედოვნებს დალი.