„ეს ყველას შეგვიძლია! ისწავლე ჩვენგან! გაიმეორე ჩვენი კარგი პრაქტიკა და განკარგე შენი სამოქალაქო ბიუჯეტი!“

გორი

რა უყვართ ყველაზე მეტად გორის რაიონში?

რა თქმა უნდა, სპორტი და დასვენება; და თუ ერთ სოფელს აქვს სპორტული მოედანი ან ტრენაჟორი, მეორე სოფლის მოსახლეობა იგივეს აუცილებლად მოითხოვს.

ატენის ხეობა

„აქ ბავშვი ფეხს რომ აიდგამს და ლაპარაკს ისწავლის, უკვე მოჭიდავეობა სურს“,- ღიმილით გვეუბნება შოთა ვანიშვილი და სტადიონზე მოძიძგილავე ბავშვებს უყურებს, იმის ნიშნად, რომ მისი სიტყვები მართალია.

„კარგი ჭიდაობის დარბაზი ყველას ოცნებაა, რომელიც ავისრულეთ, თუმცა პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ვარჯიშს ჯერ ვერ ვახერხებთ. არადა წარმოიდგინეთ, ლეგენდარული მწვრთნელები გვაყავს“, – ამბობს შოთა და საუბარს განაგრძნობს:  „როგორ გვინდა ჩვენი შვილები წარმატებული და ჯანმრთელი მოქალაქეები იყვნენ. ყველაფრის საწინდარი სპორტია, ხოლო თუ სათანდო ინფრასტურქტურა არ გვექნება იმ გამოწვევბს ვერ ვუპასუხებთ, რომლებიც ჩვენ წინაშეა“.

დარბაზის მოწერიგებული სველი წერტილები და საშხაპე

ჭიდაობის დარბაზი დასრულებულია, დეკემბრის ბოლოს ღია სტადიონიც დასრულდება. ატენის ხეობაში რამდენიმე სოფელი შედის და ახლა მათ ორი სტადიონი და ერთი ჭიდაობის დარბაზი ექნებათ. ხეობელებმა ამ ინფრასტრუქტურის შექმნა საკუთარი ინიციატივით შეძლეს.

სტადიონი დეკემბრის ბოლოს მზად იქნება

„როგორ მოვახერხეთ? – აქტიურობით, ინფორმაციის ფლობით. სულ რამდენიმე წელია, გორის რაიონში „სამოქალაქო ბიუჯეტი“ შეიქმნა და, აი, სწორედ  მისი დახმარებით“.

– რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი?

საუბარში ნინო გოლოშვილი ერთვება. ნინო „სამოქალაქო ბიუჯეტის“  კოორდინატორია გორში.

„სამოქალაქო ბიუჯეტი“ გორში მეხუთე წელია, რაც გვაქვს. ის ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL  საქართველოში“ კონსულტაციის შედეგად მარნეულში დაინერგა და შემდეგ ჩვენ მათი გამოცდილება გავიზიარეთ და გორში ჩვენს რეალობას მოვარგეთ. ჩვენი მიზანია, მოქალაქეები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, მეტი ნდობა იყოს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ამის კარგი მექანიზმი სწორედ „სამოქალაქო ბიუჯეტია”. ანუ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც მოსახლეობას შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს, როგორ დაიხარჯოს.

– როგორია კონტროლის მექანიზმი და რამდენად გამჭვირვალეა პროცესი? – ვეკითხებით ნინოს.

ორგანიზაციის „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ დახმარებით პირველ ეტაპზე  ჩატარდა ტრენინგები, თუ რა არის „სამოქალაქო ბიუჯეტი“, რა ეტაპები უნდა გაგვევლო. აქ, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განვითარებისთვის, სხვადასხვა პერიოდულობით ერთვება ხოლმე არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო ხელისუფლება კი – სისტმატიურადაა ჩართული….  მე, როგორც გორში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მთავარი კოორდინატორი, სპეციალურ ტრენინგებს ვატარებდი, თუ როგორ უნდა დაიწეროს პროექტი, ბიუჯეტი. შესაბამისად, ურთიერთკონტროლი ძალიან ძლიერია, რაც ყოველგვარ ეჭვს გამორიცხავს. ჩვენ ადგილობრივ  ხელისუფლებას თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ და მომავალ წელს  „სამოქალაქო ბიუჯეტი“ უკვე – 2 მლნ 980 ათასი ლარი გახდება. წარმოგიდგენიათ რამდენ რამეს გავაკეთებთ? გვეუბნება ნინო.

ატენის ხეობიდან ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში მივდივართ.

როდესაც ნაგვით და ქვეწარმავლების მომატებით შეწუხებულმა მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიის დასუფთავების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა, სწორედ მაშინ გაიგეს, რომ  არსებობს „სამოქალაქო ბიუჯეტი“, რომლის  მეშვეობითაც შესაძლებელია პრობლემის უკეთესად მოგვარება, ვიდრე მხოლოდ ნაგვის გატანა.

მაია  მუჯარიძე: „როდესაც გავიგეთ, რომ არსებობს „სამოქალაქო ბიუჯეტი“, შევიკრიბეთ  მოსახლეობა. ამ ადგილას 1500-ზე მეტი ადამიანი ვცხოვრობთ. ხმების უმრავლესობით გადაწყდა, რომ სტადიონისა და სკვერის მშენებლობისთვის მოგვეთხოვა თანხა.

სადაც ადრე ნაგავი და ჭუჭყი იყო, ახლა ყველაზე ხალხმრავალ ადგილად იქცა.  სტადიონი და სკვერი, ბავშვთა მოედანი, ფანჩატური, ღამის განათება.

„ისე ვუფრთხილდებით, როგოც საკუთარს. სკამი ან საქანელა თუ დაზიანდა, ჩვენი ხელით ვაკეთებთ. გასულ კვირას მეზობელმა შედუღების აპარატი მოიტანა და დაზიანებული ატრაქციონი ერთად შევაკეთეთ. აი, ეს არის გუნდური აზროვნება და პასუხისმგებლობა“ – ამბობს მაია. ახლა დამატებით გამწვანებაზე ახალი პროექტი შეადგინეს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მოზიდვის იმედიც აქვთ.

სოფელი ფლავი

სპორტი, სპორტი და ისევ სპორტი!

სოფლის ცენტრში სატრენაჟორო სივრცე მოეწყო.

„მთელ სოფელს უხარია, ახალგაზრდობას სასწაულად იზიდავს,  სკოლის  ბავშვებსაც და ცოტა დიდებსაც. თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი გამოწვია ამ სივრცის მოწყობამ. ყველა  მეხუტებოდა და მადლობას მიხდიდა“ – თვალებანთებული გვიყვება ზაურ მელაძე, პროექტის  ხელმძღვანელი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დახმარებით სოფელში საოცნებო ადგილი შექმნა.

მზიანი დღეა და ირგვლივ გამაყრუებელი ხმაურია, ბავშვები ტრენაჟორებზე ერთობიან, მშობლების ნაწილი კი იქვე მოწყობილი სკვერიდან ადევნებს მათ თვალყურს… ცოტა მოზრდილები, სპორტულ კოსტიუმებში გამოწყობილნი, გულმოდგინედ ვარჯიშობენ.

ეს ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ფლავში. წარმატებით წახალისებული მელაძე  გაჩერებას არ აპირებს. „ამ ადგილს აკლია კაფე, მოსახლეობაც ითხოვს და სავარაუდო შემდეგი პროექტი იქნება კაფეს გახსნა ფლავის ცენტრში“ – დარწმუნებით გვეუბნება ზაური.

Leave a Reply